16:52 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1020)
43 0 0

მარტში ზრდა ქვეყნის ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში შეინიშნებოდა გარდა მშენებლობისა, სამთო–მომპოვებელი მრეწველობისა და გართობის სფეროსი.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ბოლო წლის განმავლობაში პირველად ქართული ეკონომიკა გაიზარდა – მშპ-ის ზრდამ მარტში 4% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

ამავე დროს საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით შემცირდა.

ეკონომიკურმა ვარდნამ 2020 წლის მარტში 2,7% შეადგინა, ხოლო აპრილში 16,6%-ს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რაც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, შემცირდა – 2021 წლის თებერვალში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ შემცირდა 5,1%-ით.

2021 წლის მარტში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა საქმიანობის უმეტეს სახეობებში: ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და ჰაერის კონდიცირების მიწოდება, ტრანსპორტირება და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

მსოფლიო ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს>>

შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობის, სამთო–მომპოვებელი მრეწველობის, ხელოვნებისა და გართობის სფეროებში.

ეკონომიკის ვარდნამ 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 6,2% შეადგინა იმ დროს, როდესაც რეალური ზრდა 2019 წელს პროგნოზზე მაღალი იყო და 5%-ს შეადგენდა.

მთავრობის შეფასება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები წლის ბოლოს უფრო მაღალი იქნება.

„ოთხპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული – ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, გასული წლის მარტში ეკონომიკა 2,7 პროცენტით შემცირდა და, შესაბამისად, 2021 წლის მარტში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტიურობის დონე აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებს.

„ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

პროგნოზი საიმედოა

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ 2021 წლის განმავლობაში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის აღდგენა, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება.

ბანკში აცხადებენ, რომ გარე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე ციფრებს, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურებისგან მინიმალურია და იანვარში, წლიური გათვლებით, 95%-ით დაეცა. წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში დაეცა 12%-ით წლიური გათვლით, ხოლო ექსპორტი ცოტა გაუმჯობესდა და 3%-ით გაიზარდა, აღნიშნავენ ბანკში.

ბანკის ანალიტიკოსების აზრით, თუ წლის მეორე ნახევარში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და ტურისტული სექტორი ნელ-ნელა დაიწყებს აღდგენას, ეკონომიკის ნაწილობრივი აღდგენა 2021 წელს 4%-ს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა>>

თუ პანდემიის გამო გლობალური შეზღუდვები გაგრძელდება, ეს იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და აღდგენის პროცესი შენელდება. შედეგად, თუ საქართველოში ტურიზმი არ აღდგება, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1% იქნება, მიიჩნევენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1020)

მთავარი თემები