თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა. ამის შესახებ ფონდის პრესრელიზშია საუბარი.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.
„მერვე მიმოხილვა ასრულებს EFF-ის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცებას რყევების მიმართ, რასაც ცხადყოფს საქართველოს უნარი, წარმატებით გაართვას თავი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ შედეგებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
მიმოხილვის დასრულება ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.
სსფ-ს მიერ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება
ფონდი უთითებს, რომ ეკონომიკურ აქტივობებსა და გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკურ ზრდაზე იქონია გავლენა - 2020 წელს წარმოების მოცულობა 6,2%-ით შემცირდა.
„ხელისუფლების პოლიტიკურმა ნაბიჯებმა შეამცირა პანდემიით გამოწვეული ადამიანური მსხვერპლი და სამართლიანად მიმართა ყურადღება მოსახლეობის მოწყვლადი ფენების დაცვისკენ. COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.
„წინდახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდა, სტრუქტურული რეფორმების პროგრამის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ექნება მდგრადი და ყოვლისმომცველი აღდგენის ხელშესაწყობად. COVID-19-ით გამოწვეული შოკის შედეგების გადასალახად უპირველესი პრიორიტეტებია გაკოტრების სისტემის ამოქმედება და განათლების რეფორმა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ახალი პროგრამა
საქართველოს ხელისუფლებამ სსფ-სთან თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.
„ვფიქრობ, ეკონომიკური გუნდი თანხმდება ახალი პროგრამის აუცილებლობაზე, რადგან მათ კარგად იციან, რა დადებითი შედეგები მოაქვს ამ პროგრამას. ესაა ქოლგა, რომელიც ეგზოგენური რთული სიტუაციების შემთხვევაში გვიცავს და გვეხმარება მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.