თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P Global Ratings რეიტინგის მიხედვით, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ გაუარესდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამავე დროს, S&P-მ კორპორაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგები BB/B დონეზე დატოვა.
„კორპორაციის პროგნოზის ცვლილება უკავშირდება საქართველოს სუვერენული რეიტინგების პროგნოზის გაუარესებას, რომელიც თებერვლის ბოლოს „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეიცვალა. კორპორაციის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება გადააწყდეს გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ზეწოლასთან, ხოლო სახელმწიფოს უნარი - შეინარჩუნოს ეს კავშირები, შეიძლება გარკვეულწილად შესუსტდეს“, - ნათქვამია სააგენტოს პრეს-რელიზში.
ამჟამად კორპორაციის რეიტინგი ერთი საფეხურით აწეულია, რაც ასახავს სააგენტოს მხრიდან სახელმწიფო მხარდაჭერის ძალიან დიდი ალბათობის მოლოდინებს. ამავე დროს სუვერენული ვალის „ნეგატიური“ პროგნოზი ითვალისწინებს სახელმწიფო მხარდაჭერის მომავალში შესუსტების რისკებს.
კორპორაციის საკუთარი კრედიტუნარიანობის შეფასება „B+“ დონეზე მოიცავს ჯგუფის ძირითადი ოპერაციების მდგრად მაჩვენებლებს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელმოწერილ ახალ საკრედიტო შეთანხმებას (217 მილიონი ევრო), რომელიც მიზნად ისახავს 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირებას, რომელთა დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილია.
მეორეს მხრივ, ორმა მსხვილმა საინვესტიციო პროექტმა (გარდაბანი-3 და გაზის მიწისქვეშა საცავი), რომლებიც კორპორაციამ სამი მომდევნო წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს, შესაძლოა უარყოფითი თავისუფალი საოპერაციო ფულადი ნაკადი გამოიწვიოს.
სააგენტოს შეუძლია დაწიოს კორპორაციის რეიტინგი საქართველოს რეიტინგის შემცირების და სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხევაში, თუ შემცირდება კორპორაციის კრედიტუნარიანობის საკუთარი რეიტინგის შეფასება. თუმცა სააგენტო მსგავს სცენარს ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს.
კორპორაციის რეიტინგის გადახედვა და კვლავ „სტაბილურთან“ დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სუვერენული რეიტინგების პროგნოზი გაუმჯობესდება.
ამასთან ერთად, S&P ვარაუდობს, რომ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მედეგ საოპერაციო მაჩვენებლებს შეინარჩუნებს და ლიკვიდურობის კუთხით საკუთარი მოთხოვნების მართვას გააგრძელებს.