19:50 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

ეკონომიკის აღდგენა მეტწილად დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, გაჭიანურებული ვაქცინაციის და ხანგრძლივი პოლიტიკური დაძაბულობის ჩათვლით

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა, ამას მათ შორის საერთაშორისო ტურიზმის კუთხით არაკეთილსაიმედო პროგნოზი განაპირობებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს დიდი დარტყმა მიაყენა. გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, საერთაშორისო ტურისტული ნაკადის უეცარმა შეწყვეტამ და სუსტმა უცხოურმა მოთხოვნამ 2020 წელს ეკონომიკის 6,2%-იანი ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის დონე დაახლოებით 5,4%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მწვავე პრობლემა სამსახურის და შემოსავლების დაკარგვა გახდა. ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის შედეგად საბიუჯეტო დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა.

ნავარაუდევია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით და 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმოების საერთო დონე 2019 წლის, პანდემიანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკის აღდგება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რიგ ფაქტორებზე - ეს არის გაჭიანურებული ვაქცინაცია, მსოფლიო საფინანსო პირობების გამკაცრება და ხანგძლივი გეოპოლიტიკური დაძაბულობა.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე“, - განაცხადა კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, მტკიცე განვითარებისთვის საქართველომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს COVID-19-ის ინფექციის გავრცელების ტემპების შენელებისთვის, იზრუნოს მასობრივ ვაქცინაციაზე და ასევე გრძელვადიანი პრობლემების დაძლევაზე, რაც მოიცავს ადამიანურ კაპიტალს, ინსტიტუციების გაძლიერებას, ციფრული და „მწვანე“ ეკონომიკის ხელშეწყობას.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია 3.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. მზარდი ექსპორტი და სამრეწველო საქონლის ფასების სტაბილიზაცია ნაწილობრივ დააბალანსებს 2020 წლის ბოლოს პანდემიის მეორე ტალღით და ახალი შემთხვევების ბოლოდროინდელი მატებით გამოწვეულ ზემოქმედებას.

გასულ წელს რეგიონში COVID-19-ით გამოწვეული 2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, 2021 წლის ზრდა კვლავაც შენელებულია.

შარშანდელი ვარდნა მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა რეგიონის ორი უმსხვილესი ეკონომიკის გამო - თურქეთმა შედარებით სწრაფი აღდგენა შეძლო, ხოლო რუსეთმა შოკისადმი მდგრადობა გამოავლინა. ამასთან, სწრაფად განვითარებადმა მრეწველობამ, ექსპორტზე მოთხოვნის მატებამ, მზარდმა ფასებმა ნედლეულზე და ფისკალურმა და მონეტარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო აღნიშნული შედეგის დადგომას.

მძიმე დარტყმა მიადგა ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მეტწილად მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებზე არიან დამოკიდებულნი. სოციალური დისტანცირების აუცილებლობამ და შეზღუდულმა მობილობამ გამოიწვია ამ სფეროებში ნეგატიური ზემოქმედების შენარჩუნება.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში პანდემია სავარაუდოდ წაშლის ერთ სულ მოსახლეზე მიღებულ სულ მცირე ხუთწლიან შემოსავალს და გაზრდის სიღარიბის მაჩვენებელს ძირითადად სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. მთლიანობაში, ზრდის ტემპის აჩქარების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება რეგიონში დაბალ დონეზეა და ჩამოუვარდება პანდემიამდე არსებულ ტენდენციას.

 

მთავარი თემები