08:11 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1018)
51 0 0

საქართველოში ეროვნული ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რომელსაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის ალტერნატივა არ აქვს.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მნიშვნელოვანია კორონავირუსზე სწრაფი ვაქცინაცია, წესების დაცვა, რასაც მოჰყვება ტურისტების ზრდა, ეს შეანელებს წნეხს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

27 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,4534 GEL/$1 იყო. ეს კურსი ყველაზე დაბალია 2020 წლის 27 მარტის შემდეგ, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.

კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, უალტერნატივოა.

„იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც, მაგალითად, აქვთ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი და დიდი საერთაშორისო რეზერვები, კურსის დაფიქსირება დოლართან ან ევროსთან ძალზე ხარჯიანი და საფრთხის შემცველი იქნება, ამას ძალიან ბევრი მაგალითი მოწმობს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას, რომ ინფლაციის მისი მიზნობრივი ნიშნულისკენ სვლა განაპირობოს საშუალოვადიან პერიოდში და ამით იქნას მიღწეული ფასების სტაბილურობა.

რაც შეეხება გაცვლით კურსს, იმ ძალიან დიდი გამოწვევების, ძალიან დიდი დანაკლისის გამო, რომელიც ქვეყანამ განიცადა უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო, აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინტერვენციებს, კობა გვენეტაძის თქმით, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ჯამში 250 მილიონი დოლარი გაყიდა. შარშან კი 916 მლნ დოლარი, რაც, გვენეტაძის თქმით, საკმაოდ დიდი თანხებია და შეუძლებელი გახდებოდა ამის გაკეთება რეზერვების დაგროვების და იმ დახმარების გარეშე, რომელიც სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად მიიღო ქვეყანამ.

  • „რა თქმა უნდა, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, ეს ფაქტორიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს. პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. მთავრობა იძულებული გახდა მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ეპიდემიის გავრცელების აღკვეთისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის დამატებითი რესურსები მოეძიებინა. მთლიანობაში საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მოიზიდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1018)

მთავარი თემები