თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიწონა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციის და სავალუტო კურსის მიმართ, განაცხადა ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სუბირ ლალმა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე პანიკის შესაკავებლად არაერთხელ განახორციელა სავალუტო ინტერვენციები, რათა ინფლაციის განსაკუთრებული ზრდა არ დაუშვას.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ორიენტირებულია ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევაზე, რაც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია. ზოგადად, ინფლაციის ტარგეტირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, კარგ გავლენას ახდენს საქართველოზე და სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს ბაზრის უკონტროლო ფუნქციონირების თავიდან ასაცილებლად ", - განაცხადა ლალმა.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეგულატორი თავის პოლიტიკას მომავალში გააგრძელებს.
„საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა გვენეტაძემ.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სსფ-ის პროგრამა
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 12 აპრილს დასრულდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.
საქართველოს ხელისუფლებამ სსფ-სთან თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.
საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შეფასებისას, სსფ-მა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე.
სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.