თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა>>
2020 წლის აპრილიდან მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, უკვე 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.
ამა წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი საბაზო სცენარში დაახლოებით 4 პროცენტია.
„ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მასზე გაძლიერებული წნეხის გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა>>
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 23 ივნისს ჩატარდება.