ეკონომიკის საგანგაშო ვარდნა და ოპტიმისტურად განწყობილი ხელისუფლება

© Sputnik / Alexander Imedashviliბაზრობა მშრალ ხიდზე
ბაზრობა მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გრძელდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, რომელიც მარტის ბოლოს გახდა ცნობილი, წლევანდელ თებერვალში, შარშანდელ თებერვალთან შედარებით, მშპ 5.1%-ით შემცირდა.

იანვარში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იყო – 2020 წლის იანვართან შედარებით კლებამ 11.5% შეადგინა.

რაც შეეხება გასული 2020 წლის მდგომარეობას, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2019 წელს თუ მშპ 40,298 მილიარდი ლარის ეკვივალენტი იყო, 2020 წელს მშპ-ის მოცულობამ 37,815 მილიარდი ლარი შეადგინა. კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა და „ლოკდაუნმა“ ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვარდნა საქართველოს ეკონომიკას 1994 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008 წლის აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მერე. შორეულ 1991-ში კლება იყო 21%, 1992-ში – 44%, 1993-ში – 29%, 1994 წელს – 10.4%. თუმცა, მაშინდელ წლებს თუ გავიხსენებთ, ეკონომიკური კრიზისისთვის ყველა პირობა ერთად იყო – სამოქალაქო ომი თუ ომი აფხაზეთსა და ცხინვალში, კრიმინალის აღზევება და კორუფცია ყველა დონეზე. რაც შეეხება აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკის ვარდნას, 2009 წელს მშპ 3.7%-ით შემცირდა.

ევროკავშირის დროშა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა – კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს

ისევ გასულ წელს რომ დავუბრუნდეთ, შარშან ყველაზე მეტად შემდეგი დარგების ბრუნვა შემცირდა:

სასტუმროები და რესტორნები – 37.9%; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (საქმიანობა, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკური სუბიექტის ძირითადი საქმიანობის განხორციელებას. მაგალითად, ავტომობილების თუ სხვა საშუალებების იჯარა და ლიზინგი და ა.შ.) – ასევე 37.9%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 22.3%; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 18.9%; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 18.4%; წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 11.1%; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 7.4%; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 5.6%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.0%; მშენებლობა – 4.7%.

რაც შეეხება შარშანდელ კრიზისულ პერიოდში გაზრდილ დარგებს, ესენია:

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2020
რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (7.9%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.6%); განათლება (3.1%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (1.8%); სხვა სახის მომსახურება (7.1%).

ხელისუფლების ოპტიმიზმი

„საქართველოს ეკონომიკური ვარდნის ტემპი 6.2%-ია, რაც მძიმეა ისეთი ეკონომიკისთვის, რომელიც, რომ არა პანდემია, ემზადებოდა ხუთ და მეტპროცენტიანი ზრდისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს არ არის ყველაზე მძიმე მაჩვენებელი, თუნდაც ევროზონაში ნავარაუდევი -8%-იანი ვარდნით“, – განაცხადა თურნავამ თებერვლის ბოლოს. მისი თქმით, 2021 წელი იქნება სწრაფი აღდგენის წელი და საშუალოვადიან პერსპექტივაში 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში – 5.3%-ით.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2020
რა ცვლილებები შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც პარლამენტი მალე დაამტკიცებს

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრმა შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში დადებითი მომენტიც იპოვნა.

„ეს შეეხო როგორც იმპორტის, დაახლოებით 16%-ით, ასევე ექსპორტის – 12%-ით ვარდნას, მაგრამ კარგია ის, რომ ექსპორტის შემცირების ტემპი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმპორტის, რამაც საშუალება მოგვცა, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი სავაჭრო დეფიციტი. ერთი მლრდ დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ამ მხრივ, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს იყო“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავას თებერვლის ოპტიმიზმს აპრილის პესიმიზმი მოჰყვა: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. S&P Global-ის პროგნოზით კი, 2021 წლის ბოლოსთვის მთლიანი საგარეო ვალი მშპ-ის 69.5%-ს მიაღწევს. მაგრამ IMF-ის მიერ პროგნოზის ცვლილების მიუხედავად ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ ცვლის საქართველოს მთავრობა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი. ამაში დაგვეხმარება ჩვენი პრივატიზაციის პროგრამა, ასევე „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამები. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა ჩვენი პროგნოზი გამართლდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ უკვე 12 აპრილს.

ონლაინ-ვაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2020
უცხოური საიტებიდან ონლაინ–ვაჭრობის შეფერხების მიზეზი საქართველოში

ექსპერტების მოსაზრება

მშპ-ის 6.2%-იან შემცირების მთავარ მიზეზად ეკონომისტები მთავრობის მიერ დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს ასახელებენ. მათი თქმით, შედარებით მსუბუქი რეგულაციების შემთხვევაში შეიძლებოდა ეკონომიკა ნაკლებად დაზარალებულიყო.

„6%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ბუნებრივია, საკმაოდ მძიმეა და ეს განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობაზე. რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის ეფექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით გაზაფხულზე შემოღებული ბევრი შეზღუდვა შეცდომა იყო. მთავრობის ის არგუმენტი, რომ ევროპაშიც მსგავსი შეზღუდვები დაწესდა, არარელევანტურია, რადგან იქ სხვა მასშტაბის ეკონომიკაა“, – განაცხადა ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა.

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ პანდემიას ემატება ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

„ეს არის უსაფუძვლო შეზღუდვებიდან დაწყებული, დამთავრებული იმ პოლიტიკით, რასაც ფინანსების არასწორი ხარჯვა ჰქვია. ვალით აღებული ფული იხარჯებოდა დახმარებებში, დეველოპერებისთვის ფულის ჩუქებაში. ეს არის ის პოლიტიკა, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო“, – ამბობს გერლიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB–Georgia-მ გამართა ონლაინ–კონფერენცია თემაზე: საქართველო 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის პირობებში – კრიზისის დაძლევის გზები. კონფერენციაზე მომოიხილეს წლის დანაკარგები, რაც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემის მიზეზით განიცადა. მათ შორის რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას:

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2020
მთავრობა კომუნალურებს გადაგიხდით, სავალდებულო საპენსიო შენატანების შეჩერებას კი არ აპირებს

ეკონომიკის ვარდნა – 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3,5%-ით, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 9,6%-ით შემცირების ფონზე საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა 4,5 მილიარდი ლარი, მოსალოდნელი 5.0%-იანი ზრდის ნაცვლად მშპ შემცირდა 6.2%-ით. 2020 წლის აპრილში ეკონომიკამ განიცადა მაქსიმალური – 16.6%-იანი ვარდნა.

ეკონომიკის ვარდნა ციფრებში – 2019 წლის რეალური მშპ 40,3 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში რეალური მშპ 6,2%-ით შემცირდა და ქვეყნის ეკონომიკა რეალურად 37,8 მილიარდი ლარის ტოლი გახდა, რაც 2,5 მილიარდი ლარის კლებას ნიშნავს;

ტურიზმის სფერო – 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – 82%-ით შემცირდა და 0.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიამდე ქვეყანაში ტურიზმის დარგი 3 მილიარდი დოლარის გენერირებას ახდენდა. ტურისტულ ინდუსტრიაში 300 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2020
რამდენად აუცილებელი იყო სავალუტო ჯიხურების მუშაობის აკრძალვა

ამის გარდა, სხვა მაჩვენებლებიც ადასტურებს შექმნილი მდგომარეობის სირთულეს, თუმცა, როგორც ვნახეთ, ხელისუფლება მაინც ოპტიმიზმს გამოხატავს. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ამას წინათ განაცხადა, რომ 2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, ჯამში 34.5%-ით.

აქვე იმის გახსენებაც ღირს, რომ ხელისუფლების თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი ხშირად ზედმეტად ოპტიმისტურია და არ მართლდება ხოლმე. მაგალითად, შარშან, ნოემბერში, სებ-ის ანგარიშით, 2020 წელს ეკონომიკა მხოლოდ 5%-ით შემცირდებოდა, ხოლო 2021-ში მშპ 5%-ით უნდა გაზრდილიყო. იგივე მოლოდინი ჰქონდა მთავრობასაც. თუმცა, სულ ორიოდე თვეში გამოჩნდა, რომ რეალობა მნიშვნელოვნად უარესია.

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0