აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ბოლო წლებში სულ უფრო მზარდია და გასულ წელს, შეიძლება ითქვას, რეკორდულ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ეკონომიკის ექსპერტები ამ მიმართულებითაც ამახვილებენ ყურადღებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბიუჯეტის დეფიციტის მუდმივად გაუარესების ტენდენციას.
რა არის ბიუჯეტის დეფიციტი?
ბიუჯეტის დეფიციტი განმარტებულია კანონით „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“.
მუხლი 15. სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებს შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.
2. დადებითი მთლიანი სალდო არის სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – დეფიციტი“.
ასე რომ, ბიუჯეტის დეფიციტია, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები აჭარბებს საბიუჯეტო შემოსავლებს. ამიტომ, როცა ბიუჯეტს ფული აღარ ჰყოფნის ხარჯების დასაფარად, მთავრობა იძულებული ხდება ფული ისესხოს. ვალის ზრდა კი თავისთავად რისკის შემცველია. ამასთან, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების უსასრულო აღება ვერ გაგრძელდება. როდესაც ვალი იმდენად იზრდება, რომ ქვეყანას მისი გადახდის საშუალება აღარ აქვს, მაშინ ცხადდება დეფოლტი. ქვეყანას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ვალებს კი ჩამოაწერენ, მაგრამ ასეთ ქვეყანაში აღარც ინვესტორები შედიან და არც აღარავის ეხალისება ბიზნესის კეთება. ასეთი დამოკიდებულება კი გაცილებით უარესია, ვიდრე დიდი ვალის დადება.
სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის მთავრობა ვალების აღებით უსასრულოდ არ „გაერთოს“, 2011 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, იგივე „თავისუფლების აქტი“. სხვა რამდენიმე შეზღუდვასთან ერთად კანონში ყურადღება გამახვილებულია ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ.
მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა
1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის, მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა;
ბ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა.
როგორც ვხედავთ, ამ კანონით, მთავრობა ვალდებულია ბიუჯეტის დეფიციტმა არ გადააჭარბოს მშპ-ის 3%-ს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა 4,264.377 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით კი, 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 49,407.300 მლრდ ლარის ტოლია. შესაბამისად, ამ მონაცემებით გამოდის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არათუ 3-ს, არამედ 8%-ს აჭარბებს.
ეკონომიკის ექსპერტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მზარდი ტენდენცია ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს.
„ზოგადად, დეფიციტი გრძელვადიან პერიოდში ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს ნიშნავს მეტ ვალს, მეტ აღებულ პასუხისმგებლობებს, რომლის შემცირება დროში რთულია, ნიშნავს უარყოფით შეფასებებს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა, მაგალითად, „ფიტჩი“. ნიშნავს, რომ ეკონომიკა რისკიანია, ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი ვალი უფრო ძვირი ჯდება და ნიშნავს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ფულის მოძიება შეიძლება ვერ შევძლოთ. 9% პრაქტიკულად 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბოლო წლების 3%-იანი დეფიციტი“, – ამბობს ხორგუაშვილი.
ის, რომ „თავისუფლების აქტით“ დადგენილი ზღვარი დარღვეულია, ხორგუაშვილს არ უკვირს. მისი თქმით, მთავრობა დადგენილ ნორმას პირველად არ არღვევს.
„კანონი ხშირად დარღვეულა. პირველად არაა, რომ 3%-ს გავცდით. იგივე მოხდება ვალის შემთხვევაშიც. გავცდებით 60%-ს. არავინაა შემდავებელი. არღვევს კანონს მთავრობა და ბერკეტი არ არსებობს, რომ მოეთხოვოს“, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
ასე რომ, ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი მხოლოდ საგარეო ვალის აღებას არ ნიშნავს. საგარეო ვალის ზრდა და პროცენტული შეფარდების გაუარესება მშპ-სთან; თავის მხრივ, უკვე სამომავლო ვალის აღებასაც ართულებს. ჯერ აძვირებს, უარეს შემთხვევაში კი დონორები უბრალოდ აღარ ენდობიან მაღალი დეფიციტის მქონე ქვეყანას. ასეთ შემთხვევაში კი უკვე ქვეყნის ვალაუვალობის და დეფოლტის რისკიც იზრდება.
საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მას შემდეგ ყველა მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი ევროპაშია და ევროკავშირის წევრობაც გვსურს. ახლა ვნახოთ, რა კავშირია ბიუჯეტის დეფიციტსა და ევროკავშირის წევრობას შორის. 1992 წელს ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ე.წ. მაასტრიხტის ხელშეკრულებას, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს განსაზღვრავს.
იმისათვის, რომ წევრობის კანდიდატმა სახელმწიფომ შეძლოს ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში გაწევრება, რამდენიმე სხვა კრიტერიუმის გარდა, ასევე მოუწევს დააკმაყოფილოს მაასტრიხტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნორმები:
გაწევრების მსურველ სახელმწიფოში შენარჩუნებული უნდა იყოს ფასების სტაბილურობა და ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, შემოწმებამდე ერთი წლის განმავლობაში მაინც; ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1,5%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ იმ სამი წევრი სახელმწიფოს ინფლაციის საშუალო ტემპებს, რომლებმაც ფასების სტაბილურობის სფეროში საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს;
ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს, ხოლო სახელმწიფოს ვალი – მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს...
ასე რომ, რაც უფრო იზრდება საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი, მით მეტად იზრდება მანძილი ევროკავშირის წევრობამდე...
თემურ იოსელიანი