19:10 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (67)
336 0 0

კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული, ირწმუნება ეკონომიკის მინისტრი.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი ექსპერტებს, მეცნიერებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდება, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში უკვე 169-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას გადადგომა მათ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს. რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში მას და აქტივისტებს შორის ჩანიშნული შეხვედრა ჩაიშალა. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მინისტრი შეხვედრიდან გაიქცა.

„ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საკმაოდ სოლიდურ კვლევებზე.

„დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება შეხვედრებს, მინისტრის თქმით, ის ყველა დაინტერესებულ პირთან შეხვედრისთვის მზადაა.

„ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შევხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს შეკრებილებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხონ.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (67)

მთავარი თემები