08:36 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

მიმდინარე წლის მარტში წლიური ინფლაცია გაიზარდა ორჯერ, თვიური - თითქმის ოთხჯერ, ძირითადად კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდის ხარჯზე

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა - მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო, მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს.

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი შეადგინა. თებერვალში ინფლაცია 1,1%-ს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა, რაც მათ შორის კომუნალური მომსახურების გაძვირებით არის განპირობებული.

გასული წლის ბოლოს გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე, მაგრამ მთავრობამ კომუნალურ მომსახურებაზე მოსახლეობის ხარჯების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

  • პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება აისახა ინფლაციის დონეზე, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა, მაგრამ პროგრამა ნაწილობრივ მარტში დასრულდა, რამაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია.

მარტში თებერვალთან შედარებით ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,9%), ხოლო გაიზარდა (კომუნალური მომსახურების გარდა) ჯანმრთელობის დაცვაზე (3,6%), სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე (2,6%), ტრანსპორტზე (2,6%). მარტში სურსათზე ფასები 1,5%-ით გაიზარდა.

რა მოქმედებს ფასების დინამიკაზე საქართველოში

საქართველოში ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორისაა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, პირველ რიგში იზრდება ნავთობისა და საკვები პროდუქტების ფასები.

„პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ >>

რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით - 8,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი თემები