თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. 2020 წელს სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 11,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში 11,5%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 14,6%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 29%-ით.
რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება>>
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,1%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 10,6%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 13,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 14,6%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 2020 წელს 13,5%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 41,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 9,4%-ით, მათ შორის სასმელზე – 6,4%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 15,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 10,9%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 12,7%-ით გაძვირდა, მათ შორის კვების პროდუქტები – 26,4%-ით.
სამომხმარებლო ფასები
ინფლაციის წლიურმა დონემ 2020 წელს 2,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო). სურსათზე ფასები 6,8%-ით გაიზარდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონე მინუს 1%-ია.
„საქსტატის“ განმარტებით, ინფლაციის დონის შემცირების მიზეზი დეკემბერში მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის კომუნალურ ხარჯებზე მომსახურების სუბსიდირება გახდა. ამასთან, ბუნებრივი გაზისა და ელეტროენერგიის სუბსიდირება ხდება უშუალოდ მათი მოხმარების შესაბამისად, ხოლო წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების – მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად.