თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების მოქმედი პროგრამა 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოში პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე სუბსიდია შეადგენდა 10 ლარს, შემდეგ 15 ლარამდე გაზარდა.
„პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. იმ წისქვილკომბინატებისთვის, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობამ სუბსიდია დააწესა. პროგრამის მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებენ.
სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე, რომლის რეალიზების მოცულობა არ აღემატება 10 ათას ტონას.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განმარტა, რატომ გაიზარდა სუბსიდია 20 ლარამდე.
„იმის გამო, რომ ხორბლის ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი რჩება, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 1 იანვრიდან დღგ-ის ახალი წესები მოქმედებს, რომლითაც უკვე სუბსიდირებაც იბეგრება, 15-ლარიანი სუბსიდირება საკმარისი აღარაა. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის ტარიფი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ასევე გაძვირდა შესაფუთი მასალები, კერძოდ ფქვილისთვის ტომრების ღირებულება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეფექტიანი სუბსიდირებისთვის უკვე 20 ლარია საჭირო“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს სილაგავამ.
სილაგავას თქმით, მოსახლეობაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პურზე ფასები შენარჩუნდეს. ამიტომ ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, რადგან თეთრი პური 0,15-0,20 თეთრით გაძვირდებოდა. დღეს ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პური მოქალაქეებს დაახლოებით 80 თეთრი უჯდება.