ტყიბულში მეშახტეებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
ამ დროისათვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეოთხე უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს შეისწავლის

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეოთხე უბნის მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მინდელის შახტის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი დასრულებულია

ამ კვირაში კომპანია „საქნახშირში“ განაცხადეს, რომ მეოთხე ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლებმა გეგმის შესრულება მხოლოდ 77%-ით შეძლეს, რაც შრომის კონტრაქტის თანახმად მათი იანვრის თვის ანაზღაურებაზე აისახა.

საპასუხოდ მეშახტეებმა მაღაროში შესასვლელი გადაკეტეს. მუშაობა 10 თებერვლიდან პარალიზებული იყო. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების სრულად მიღებას მოითხოვდა და უარს აცხადებდა შახტიდან ამოსვლაზე.

„ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1,3 ათას ტონაზე მეტ ქვანახშირს მოიპოვებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბული - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
„თავი ვერ გაართვეს“- „საქნახშირმა“ განმარტა რატომ ჩამოეჭრათ მეშახტეებს ხელფასზე თანხა

სამთომომპოვებელი კომპანია შრომის ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. მეშახტეებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი პირობები და როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები. 10 თებერვალს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა. შედეგად გაირკვა, რომ მეოთხე უბანმა მოიპოვა 4,6 ათასი ტონა და გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. შესაბამისად დღიურმა ანაზღაურებამ 48 ლარი შეადგინა.

ამ დროისათვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეოთხე უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს შეისწავლის. 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. „საქნახშირისთვის“ მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში, აღნიშნულია განცხადებაში.

შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

ყველა ახალი ამბავი
0