თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა, რომლებიც კუთვნილი ხელფასის სრულად მიღებას მოითხოვდნენ, პროტესტი დაასრულეს. იუწყება პირველი არხი.
ძიძიგურის სახელობის შახტში სამუშაო პროცესი ჯერ კიდევ გასული ღამიდან პარალიზებულია. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების სრულად მიღებას მოითხოვდა და უარს აცხადებდა შახტიდან ამოსვლაზე.
ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე შახტაში მოლაპარაკების მიზნით იმყოფებოდა. მისი თქმით, მუშაობა ხვალ დილიდან განახლდება. რაც შეეხება მეშახტეების მოთხოვნებს, ამას სპეციალური კომისია განიხილავს. კომისია ადმინისტრაციის, მეშახტეებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
„ამოვიდნენ ყველანი და შეუდგებიან თავის საქმიანობას, მაგრამ ჩვენ გავივლით იმ თემებს, რაზეც მათ პრეტენზიები გააჩნიათ. პრეტენზიები აქვს ადმინისტრაციასაც, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის შეჯერება მოხდება“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
მეშახტეების ნაწილის ხელფასთან დაკავშირებით კომპანია „საქნახშირში“ განაცხადეს, რომ მეოთხე ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლებმა გეგმის შესრულება მხოლოდ 77%-ით შეძლეს, რაც შრომის კონტრაქტის თანახმად მათი იანვრის თვის ანაზღაურებაზეც აისახა.
თავის მხრივ, მეშახტეები აცხადებდნენ, რომ მათ იანვრის თვეში თავდაუზოგავად იმუშავეს და შესაბამის ანაზღაურებას იმსახურებდნენ.
დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.