„თავი ვერ გაართვეს“- „საქნახშირმა“ განმარტა რატომ ჩამოეჭრათ მეშახტეებს ხელფასზე თანხა

© photo: Tkibuli Municipality / FB ტყიბული
ტყიბული - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ძიძიგურის სახელობის შახტის მეოთხე უბანზე დასაქმებულ პირებს ხელფასი კანონიერად ჩამოეჭრათ, ვინაიდან მათ იანვრის თვის გეგმა ვერ შეასრულეს.

 

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ მეოთხე ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლებმა მხოლოდ 77%-ით შეძლეს  გეგმის შესრულება, რაც შრომის კონტრაქტის თანახმად მათი იანვრის თვის ანაზღაურებაზე აისახა.

ძიძიგურის სახელობის შახტში სამუშაო პროცესი ჯერ კიდევ გასული ღამიდან პარალიზებულია. კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი ხელფასების სრულად მიღებას მოითხოვს და უარს აცხადებს შახტიდან ამოსვლაზე. 

შახტა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
პროტესტი ტყიბულში: მეშახტეები შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ

„კომპანიამ გაარკვია, რომ  პროტესტი უკავშირება №4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას... უბნის მეშახტეებმა გეგმის მხოლოდ 77,7 % შეასრულეს, რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა“, – აღნიშნულია „საქნახშირის“ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, 10 თებერვალს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა. შედეგად გაირკვა, რომ მეორე  უბანმა 6,1 ათასი ტონა ქვანახშირის მოპოვება შეძლო და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც გულისხმობს 91,01 ლარის ანაზღაურებას დღეზე. მეექვსე უბანმა მოიპოვა 5,4 ათასი ტონა ქვანახშირი და გეგმა 108,01 %–ით შეასრულა – ანაზღაურებამ შეადგინა 90 ლარი დღეზე. მეოთხე უბანმა კი  მოიპოვა 4,6 ათასი ტონა და გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. შესაბამისად დღიურმა ანაზღაურებამ 48 ლარი შეადგინა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა.

მეოთხე ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა. 

ტყიბულელი მეშახტეები - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2020
ერთდროულად 144: ტყიბულელ მეშახტეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შახტიდან ამოსვლის თაობაზე თანამშრომლების უარმა უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაციის შექმნა გამოიწვია. 

თავის მხრივ, მეშახტეები აცხადებენ, რომ მათ იანვრის თვეში თავდაუზოგავად იმუშავეს და შესაბამის ანაზღაურებას იმსახურებენ.

როგორც „Sputnik საქართველოს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბეროძემ განუცხადა, იანვარში ნახშირის მოპოვების სათანადო პირობები არ იყო. შახტაში აალების საშიშროება იყო, ამიტომ მეშახტეები ამ პრობლემის გადაწყვეტით იყვნენ დაკავებულეი, რათა  შრომის უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. გეგმის შეუსრულებლობას დოლაბერიძემ მენეჯმენტის შეცდომა უწოდა, რომელმაც ყველა გარემოება  არ გაითვალისწინა.

პროფკავშირების წარმომადგენლები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს აგრძელებენ, რათა დასაქმებულების პრობლემა მოაგვარონ.

დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.

ყველა ახალი ამბავი
0