თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან რიონის ხეობის მცხოვრებთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხეობაში „ნამახვანჰესი“ შენდება.
„ნამახვანჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა>>
აქციის მონაწილეებმა ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესება და ასევე სწორი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება მოითხოვეს.
აქციაზე ასევე დაგმეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში მშვიდობიანი აქციის დაშლა, სადაც პოლიციამ შაბათს პროტესტის მონაწილეებს ჰესის მშენებლობასთან ახლოს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.
ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები გაჩერებას არ აპირებენ და უფრო ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ჰესი გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს.
„არა „ნამახვანჰესს“, სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“ – სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილები და ითხოვდნენ, რომ მათ კითხვებს საჯაროდ უპასუხოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
აქციის ორგანიზატორი იყო ასოციაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“, სადაც გაერთიანდნენ გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, უბრალო მოქალაქეები და სპეციალისტები.
აქტივისტებმა უკვე შეაგროვეს 10 ათასი ხელმოწერა და შეადგინეს პეტიცია, რომელიც პარლამენტში მათმა წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა შეიტანა.
ნაცვლიშვილის თქმით, ნათია თურნავამ 21 დეკემბერს პირობა დადო, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ყველა კითხვაზე საჯაროდ უპასუხებდა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს და გამოიძახოს ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც ყველა კითხვას უნდა უპასუხოს. მთავარი მოთხოვნაა მორატორიუმის დაწესება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ლაპარაკია ონისა და ნამახვანის ჰესებზე. მისი თქმით, ამ თემებზე ნამდვილი საზოგადოებრივი დისკუსიები უნდა გაიმართოს.
მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიწვია.
პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მისი შემუშავებისას გათვალისწინებული არ ყოფილა რეგიონის სეისმური რისკები და მისი გავლენა ეკოლოგიაზე.