თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში სამთვიანი პაუზის შემდეგ „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
რიონის ხეობის მოსახლეობა მეოთხე თვეა ჰესის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს. ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რიონის ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
როგორც პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, პოლიციამ მათ კარვის აღება მოსთხოვა. მათივე ინფორმაციით, იგეგმება ჯვრის დემონტაჟი, რომელიც მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ აღმართა.
„ეს ტერიტორია, სადაც ჩვენ ჯვარი აღვმართეთ, მაშინ არ წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას. დღეს ასე დააყენეს საკითხი, რომ კომპანიის კერძო ტერიტორიაა და დადგეს შლაგბაუმი. მოსახლეობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რა საფრთხეებსაც ეს პროექტი იწვევს. მიუხედავად ამისა, დღეს მათ ძალადობრივი გზით განაახლეს სამუშაო პროცესი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-მ დღეს გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა.
„კომპანიას, ქვემო ნამახვანი ჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს, ასევე „დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კომპანიამ არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი პოზიციის გათვალისწინების მიზნით. თუმცა ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან დიალოგი მათივე პოზიციის გამო ვერ შედგა, აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ამისა, კომპანიაში, რომელსაც პროექტში 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის და 1600 ადამიანის დასაქმების ვალდებულება აქვს აღებული, მშენებლობის გამო მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობენ.
„პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის წარმომადგენლის ელენე ღუბიანურის განცხადებით, მოსახლეობის მიზანია სამუშაოებისთვის ხელის შეშლა.
„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაახლოს სამუშაოები და სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ დაცული იყოს კანონიერი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა და დასკვნა საჯაროა, რომელიც დევს კონკრეტული უწყებების ვებგვერდზე. ამ ხალხმა პროტესტი მაინც გააგრძელა, ჩვენ მთელი ამ დროის მანძილზე ვცდილობდით კონსტრუქციული დიალოგის გზით მშვიდობიანად დაგვესრულებინა მოლაპარაკება," - აღნიშნა ღუბიანურმა.
მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიზიდა.