საქართველოში ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტს, რომლის სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დასრულდება, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში 150 კმ სიგრძის გადამცემი ქსელისა და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 90 მილიონი ევრო გამოყო, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

EBRD-ს მიერ გამოყოფილი თანხით პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური–წყალტუბოს, ნამახვანი–წყალტუბოს, ნამახვანი–ტვიში–ლაჯანურის, ნენსკრა–მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება.

ჰიდროელექტროსადგური თბილისთან ახლოს - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს დაეხმარება

„განვითარებულ გენერაციას სჭირდება ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 90 მლნ ევროს ფინანსური რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

EBRD საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს>>

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და EBRD-ს რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების სამუშაოებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დამთავრდება.

შუახევიჰესი - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალმა მსხვილმა შუახევიჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ბოლო რვა წელიწადში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური 654 მეგავატის საერთო სიმძლავრით.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ექსპერტები ბოლო 30 წელიწადში ყველაზე დიდი, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებას ასახელებენ 2020 წლის თებერვალში.

ამას გარდა, როგორც თურნავამ განაცხადა, მშენებლობის პროცესზე გადავიდა „ნამახვანი ჰესი“ და „ნენსკრა ჰესი“. ასევე ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი თბოელექტროსადგური გარდაბანში.

თურნავას განცხადებით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა საკუთარი ენერგეტიკული რესურსების განვითარება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება.

საქართველოში კიდევ ერთი ჰესი აშენდება>>

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 10 წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. პროგნოზების თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

ამიტომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რადგან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლება. ქარის სადგურებს ჰიდროენერგეტიკის 100%-ით ჩანაცვლება არ შეუძლია. ასეთ სადგურებს აქვთ სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ყველა ახალი ამბავი
0