თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტში მოსალოდნელია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სერიოზული განხილვა, განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ორსაათიანი სხდომის შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, და ეს ბიუჯეტში აისახება.
„შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები. დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს. ეს პირველად მოხდა, აქედან გამომდინარე, გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკრუპულოზურად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს“, – განაცხადა კოვზანაძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა. ამ ნაწილის ჩათვლით მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს თითქმის 18,4 მილიარდ ლარს, რაც 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს დაიხარჯა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
2021 წლის საქართველოს ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)
2020 | 2021 | |
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 18 420,3 | 16 758,1 |
საგადასახადო შემოსულობები | 8 979,4 | 10 342,3 |
ასიგნებები | 15 923,8 | 18 384,5 |
2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.