19:04 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (906)
54 0 0

მესამე კვარტალში ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 645,6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებთან შედარებით 7,2%-ით ნაკლებია.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში საწარმოთა საერთო ბრუნვამ 29,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით მეტია, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 

საანგარიშო პერიოდში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 11,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემზე 8,8%-ით ნაკლებია.

კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა – სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 5% იქნება.

2020 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 57,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17,7% საშუალო, ხოლო 25,2% მცირე ბიზნესზე ნაწილდება. წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის 40,3%, საშუალო ბიზნესზე – 27,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32,1%.

ბიზნეს–სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 645,6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,2%-ით ნაკლებია. ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 59,2% მამაკაცია, 40,8% კი ქალი. 

წლის განმავლობაში ბიზნეს–სექტორში დაქირავებული მუშახელის რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა და 610,4 ათასი ადამიანი შეადგინა. მესამე კვარტალში პერსონალზე ხარჯებმა 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 7,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურება 1305,9 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 10,3%-ით ნაკლებია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში დაქირავებული მუშახელის საშუალოთვიური ხელფასი 1,8%-ით გაიზარდა და 1239,5 ლარი შეადგინა.

2020 წლის მესამე კვარტალში საშუალოთვიური ხელფასი – დარგების ტოპ–ოთხეული 

დარგი ანაზღაურება – ლარი ცვლილება წლის მანძილზე – 0%
ინფორმაცია და კომუნიკაცია 2 150,6 9,8
ფინანსები და დაზღვევა 2 023,6 6,6
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 1 909,7 - 1,4
მშენებლობა 1 875,8 - 6,6

ქალების საშუალოთვიურმა ხელფასმა 978,1 ლარი, მამაკაცების კი 1472,5 ლარი შეადგინა. ამასთან, წლის განმავლობაში ქალების ხელფასი გაიზარდა 54 ლარით, მამაკაცების კი შემცირდა 3,2 ლარით.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები შემცირდა

2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის მოცულობა 5,6%-ით შემცირდა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებით, 2020 წლის მესამე კვარტალში 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში 5,9% შეადგინა. 

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შემცირდა – აპრილიდან ივნისამდე მშპ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,3%-ით შემცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ჯერ კორონავირუსის პანდემია არ იყო დაწყებული, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდამ 2,2% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5,2%-ით, რაც აღემატებოდა პროგნოზს, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)

მთავარი თემები