თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს შემოსავლების სამსახურმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ვის და რა გზით შეუძლია მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, ამისათვის კი მათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განაცხადი უნდა შეავსონ.
5 დეკემბრის მონაცემებით, განაცხადი უკვე ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა შეიტანა.
ვის აქვს კომპენსაციის მიღების უფლება?
კომპენსაციის მიღება შეუძლია მიიღოს დაქირავებით დასაქმებულ ადამიანს, რომლის დამსაქმებელმა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იძულებული იყო დაწესებული შეზღუდვების გამო შეეჩერებინა საქმიანობა და ამ პერიოდში არ გაუცია ხელფასი დასაქმებულებზე.
გარდა ამისა, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ინდმეწარმეებს, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ გადასახადს იხდიან, ასევე მიკრობიზნესის მქონე პირებს, რომლებმაც შეზღუდვების გამო იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ თავისი საქმიანობა.
აგრეთვე 300-ლარიანი კომპენსაცია ერგება თვითდასაქმებულებს, რომლებიც მუშაობდნენ შეზღუდვების გამო დაკეტილ ობიექტზე და მათი დამსაქმებელი დარეგისტრირებულია როგორც გადასახადების გადამხდელი.
განაცხადის შეტანა
იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც შეზღუდვების პერიოდში არ იღებენ ხელფასს, კომპენსაციის მისაღებად განაცხადი შეაქვს დამსაქმებელს. ეს ეხება მათაც, ვინც გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და შტატი შეამცირა.
დანარჩენ პირებს განაცხადები დამოუკიდებლად შეაქვთ.
ყველა განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე https://eservices.rs.ge/