23:25 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (795)
50 0 0

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვის შეფასებისას. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

„ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე ჩვენ შევინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომლებიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დადგება, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სხვა ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში.

სსფ-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა, მართალია, 2020 წელს 5%-ით შემცირდება, მაგრამ 2021 წელს ასევე 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5% იქნება. 

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, როგორც 2020-2025, ასევე 2021-2025 წლებში საქართველოს საშუალოდ ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში. სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად გაჯანსაღდება“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსოფლიო ეკონომიკა, სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს 4,4%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5,2% იქნება.

სსფ-ის პროგნოზით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის ვალს შემცირების ტენდენცია ექნება.

„საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს გაზრდილი ვალის შემცირებას, მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი, ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ვალის შემცირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის გარემოება, რომ 2020 წელს მოზიდული საერთაშორისო დაფინანსებით საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერების დაგროვება, რაც შეამცირებს მომდევნო წლებში დაფინანსების საჭიროებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ სსფ-ის პროგნოზით, 2024 წლიდან საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით პირველად გადააჭარბებს 20 ათას დოლარს, 2025 წლიდან კი 21 ათას დოლარს. 2020-2025 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-11 პოზიციაზეა.

სსფ-ის განახლებული პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია ასახული.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (795)

მთავარი თემები