თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქტიული პორტალი წარადგინა.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ეროვნული ანგარიშების პორტალი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.
პორტალი სამი ნაწილისგან შედგება: მთლიანი შიდა პროდუქტი, ეროვნული ანგარიშები და რეგიონული ანალიზი. პორტალში სპეციალური სექციაა, სადაც გრაფიკულად წარმოდგენილია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წარმოების, დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდების მიხედვით.
ამავე სექციაშია წარმოდგენილი მშპ-ს ნომინალური მნიშვნელობის, მშპ-ს რეალური ზრდის და ერთ სულზე მშპ-ს დინამიკა.
ეროვნული ანგარიშების ნაწილი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გრაფიკულად იხილოს ეროვნული ანგარიშების სრული მიმდევრობა როგორც ცალკეული წლისთვის, ისე დინამიკაში წლების მიხედვით. რაც შეეხება რეგიონული ანალიზის ნაწილს, ის წარმოგვიდგენს მშპ-ს სტრუქტურას და დინამიკას რეგიონების მიხედვით, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული ანალიზისას.