13:41 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1114 0 0

ლარის საშემოდგომო გამოცდა... ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება... რა გახდა ამის მიზეზი და რა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს ფინანსურ სისტემას.

სამსონ ხონელი

სავალუტო ბაზარზე სიახლეა! ღვინობისთვის პირველი რიცხვიდან ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბლუმბერგის ახალ - Bmatch-ის პლატფორმაზე გამართული სავაჭრო გარიგებებით დადგინდება. ეს რას ნიშნავს? − დაინტერესდება მკითხველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მას ნაკლებად აღელვებს, სად და რა წესით ყალიბდება ლარის კურსი. მისთვის მნიშვნელოვანი შედეგია და მოახლოებულ სიახლესაც ამ კონტექსტში განიხილავს, კერძოდ, როგორ აისახება ის ლარის კურსზე. ამ საკითხებზე ვრცლად მომდევნო სტატიაში მოგახსენებთ, ამჯერად კი მარტივად მივანიშნებ - სავალუტო ბაზრის სუბიექტები სიახლის მოლოდინში არიან, თუმცა ეროვნულ ვალუტას, როგორც „წყაროზე“ ამბობენ, დიდი ხანია „დედა აღარ ჰყავს“...

საკამათო არ არის, ლარის გაუფასურების ახალი და სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერი ტალღა დაიწყო. მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა კიდევ 13 პუნქტით გაუფასურდა. კერძოდ, ორშაბათს ლარი 1 დოლართან მიმართებაში 3.22−3.25−ის ფარგლებში მერყეობდა, პარასკევს, დღის მეორე ნახევარში 1 დოლარის ღირებულებამ 3.35−ს ლარს გადააჭარბა. საინტერესოა, რატომ უფასურდება ლარი?.. შესაძლოა, ჩამეძიოთ, ახალი რა უნდა ბრძანოთო, მაგრამ, მე მაინც ვეცდები...  

არავის გავეჯიბრები, თუმცა ვიტყვი, კითხვაზე პასუხის ძიებისას, ექსპერტ-ანალიტიკოსთა აქცენტები, ხშირად, შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გადადის ხოლმე. არადა, პირდაპირ უცხოურ ინვერსტიციებს სავალუტო ბაზარზე ისეთი ძლიერი გავლენა არა აქვს, როგორც სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს - ექსპორტს, ფულად გზავნილებსა და საერთაშორისო ტურიზმს ვგულისხმობ. არც ეროვნული ბანკის პოლიტიკა დავივიწყოთ, თანმიმდევრულად მივყვეთ:

ექსპორტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2071.4 მილიონ დოლარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტით ნაკლებს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში იმპორტის მოცულობა 4951.4 მილიონი დოლარით, 17.5 პროცენტით ნაკლები იყო. თვალნათლივ ჩანს, რომ სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად, ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, 2880.0 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია და 1.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარია, რომ ექსპორტზე მეტად შემცირებულია იმპორტი ანუ წმინდა ექსპორტი ბალანსში დადებით დინამიკას ინარჩუნებს. სავალუტო კურსზე სწორედ წმინდა ექსპორტის დადებითი დინამიკა ახდენს პოზიტიურ გავლენას. დასკვნა − ლარის საშემოდგომო გაუფასურების მიზეზი ნაკლებად სავარაუდოა, ექსპორტის შემცირება იყოს...    

ფულადი გზავნილები

ეს უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. „საქსტატისა“ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 184.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელზე. ვფიქრობ, ეს გარემოება, განსაკუთრებით კი გლობალური კრიზისისას, პოზიტიურად უნდა შეფასდეს. დასკვნა − ფულადი გზავნილების შემოდინების დინამიკა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფაქტორი არ არის.   

საერთაშორისო ტურიზმი

არახალია, ზოგადად, ლარის კურსზე მისი ეფექტი არის, მაგრამ ამ ეტაპზე ის ძალზე მცირეა, რადგან უცხოური ტურიზმის გაჩერების გამო, შემოსავლები ფაქტიურად განულებულია. დასკვნა − ეს ფაქტორი შესაძლებელია, ლარის გაუფასურების მიზეზი იყოს, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთასორისო ტურიზმიდან ვერმიღებული შემოსავლები, ნაწილობრივ, საერთაშორისო დახმარებებმა დააბალანსა.

ფისკალური ხარჯები

საკამათო არ არის, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელსაც სავალუტო კურსზე გავლება აქვს. მოგეხსენებათ, რომ აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ სოციალური დახმარების რამდენიმე პროგრამა განახორციელა. 1200 და 300 ლარიანი კომპენსაცია გაიცა დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, 17 წლამდე პირებმა ერთჯერადი დახმარების სახით 200 ლარი მიიღეს. დასკვნა − ბოლო სამ თვეში ფისკალური ხარჯები გაიზარდა, რის გამოც სავსებით შესაძლებელია, ეროვნულ ვალუტაზე დაწოლა გაზრდილიყო.

ეროვნული ბანკის პოლიტიკა

ეს უწყება ლარის სტაბილურობაზე პირდაპირ აგებს პასუხს. კობა გვენეტაძის უწყებამ სწორედ ეროვნული ვალუტის კურსის მხარდასაჭერად, მარტიდან მოყოლებული სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ინტერვენციის სახით სავალუტო ბაზარზე 409.6 მილიონი დოლარი გაყიდა და საფინანსო ბაზარზე მიმოქცევიდან მილიარდ ლარზე მეტი ამოიღო, თუმცა ამავე პერიოდში რეფინანსირების სესხების საბაბით ბაზარს ორ მილიარდზე მეტი ლარი მიაწოდა. კიდევ სხვა საკითხია ეროვნული ბანკის ინტერვენციების სტრუქტურა. თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარს, ძირითადად, 40 მილიონ დოლარს აწვდის. საკითხავია, ეს რამდენად ჰყოფნის სავალუტო ბაზარს. ერთი ნათელია, შეუძლებელია სავალუტო ბაზარი მუდმივად ერთი და იგივე რაოდენობის დოლარის რესურსს ითხოვდეს... დასკვნა − დღეს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები ლარის კიდევ უფრო მკვეთრ გაუფასურებას აჩერებს, თუმცა პარალელურად მიმოქცევაში ლარის ჭარბი მოცულობის გაშვება სავალუტო კურსზე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახება.       

სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? − უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ფისკალური ხარჯებისა და საფინანსო ბაზარზე ლარის მოცულობის ზრდასთან ერთად, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი გაუფასურების მიზეზი უარყოფითი მოლოდინებია...

ფაქტია, რომ ლარმა სწრაფი ტემპით გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მოლოდინებზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება გაცხადებული ე.წ. მეორე ტალღის სცენარი და ეკონომიკის შესაძლო გაჩერება. ასეთ პირობებში ბიზნესი რისკებს აზღვევს და თანხები სავალუტო ანგარიშზე გადააქვს. მოსახლეობის ნაწილიც ანალოგიურად იქცევა, ვისაც ამის შესაძლებლობს აქვს, უცხოურ ვალუტას იმარაგებს. ეს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის საჭიროება. ბუნებრივია, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება.

წინამდებარე სტატია დასასრულს უახლოვდება და ერთსაც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, თუ

რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი, ფაქტია ეს პროცესი უკიდურესად მძიმედ აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ყოფაზე. განსაკუთრებით მათზე, ვისაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვთ. მარტივი არითმეტიკაა, მოქალაქეს, რომელმაც სესხი დოლარში 2015 წლის სექტემბრამდე აიღო, ყოველთვიური საბანკო ვალდებულება ფაქტიურად უკვე გაუორმაგდა და არავინ იცის, რა იქნება ხვალ. სამწუხაროდ, ამ საკითხზე არავინ მსჯელობს, არადა, თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, რომ არც იპოთეკური კრიზისის პირველი ნიშნები დააყოვნებს... შეიქმნება ვითარება, როცა მსესხებელი სახესხო ვალდებულების გასტუმრებას ვეღარ აუვა, ხოლო კრედიტის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უძრავი ქონების მყიდველი, თუნდაც სალიკვიდაციო ფასად, ფაქტიურად არავინ იქნება... ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, სოციალური ფონის უკიდურესად გაუარესებასთან ერთად, რა საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს საფინანსო სისტემას. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, სახელმწიფომ გამოსავლის ძიება დაიწყოს და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღოს. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და წაყრუება სიკეთეს ვერ მოიტანს...  

 

მთავარი თემები