თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. წელს პირველად, 6 სექტემბერს ზუგდიდში თხილის ფესტივალი - „თხილობა 2020“ გაიმართება, ნათქვამია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება.
თხილის ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ქვეყანაში თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს. ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.
„გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს. გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
6 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა, მათ შორის:
16:00 სთ-დან, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება თხილი და თხილის ნაწარმი, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, სამეგრელოსთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ასევე, მოეწყობა ელარჯის და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები.
17:30 სთ-ზე დადიანების სასახლის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი.
წელს საქართველოში 50 ათას ტონამდე მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ეს ფაროსანას დამარცხების შემდგომ პირველი მოსავალია. ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას პანდემიის პერიოდში >>
3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება.