თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოდან ამ დროისთვის უკვე 1 334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2019 წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 693 ტონა თხილი.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება. კერძოდ, წელს თხილის ექსპორტის მიხედვით ლიდერია გერმანია, სადაც 350 ტონა გაიგზავნა. ექსპორტი ასევე განხორციელდა იტალიაში (289 ტონა), ჩეხეთში (110 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (44 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (20 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (44 ტონა), უკრაინა (39 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა), სომხეთი (110 ტონა).
უწყების ცნობით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
„სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.