02:20 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1138 0 0

საარსებო მინიმუმი, უმუშევრობის დონე, ფულადი გზავნილების მოცულობა და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები... "საქსტატი" სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რაზე მიგვანიშნებს ციფრები და რას ამბობენ ექსპერტები...

სამსონ ხონელი

ერთგულ მკითხველს კარგად მოეხსენება, ჩემი პროფესიის გადამკიდე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებისა თუ სტატისტიკური მონაცემების მოძიება, გაანალიზება და შეფასება უკვე ცხოვრების წესად მექცა...

ზუსტად ერთი კვირის წინათ, სტატიაში − „აი რაია?.. ანუ რა და როგორ ითვლება IRI-ის დაკვეთით?..“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მიმოვიხილე.

მაშინ ვწერდი, „სავარაუდოდ, ვიღაც ახლაც ითვლის, მერე რა რომ  მრავალი წელია, დანათვალის არავის სჯერა, მათ შორის არც მას ვინც ითვლის!“... არ შევმცდარვარ, სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მორიგი ანგარიში გასაჯაროვდა. მოდით, მიუხედავად იმისა, ვინ ენდობა და ვინ არა „საქსტატის“ მონაცემებს, გავეცნოთ კონკრეტულ ციფრებს, მივყვეთ თანმიმდევრულად...

უნდა გაგახაროთ! ქვეყანის მთავარი მთვლელი იუწყება, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი კიდევ შემცირდა! დიახ, მიმდინარე წლის ივლისში, ამავე წლის ივნისთან შედარებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით ნაკლებია და ერთსულიან ოჯახზე ის 162.6 ლარს  შეადგენს...

საარსებო მინიმუმის რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით იცვლება. კერძოდ, ორსულიან ოჯახზე თანხა 260.1 ლარით განისაზღვრა, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 292.6 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის − 325.1 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის – 363.7 ლარი, ხოლო ექვსსულიანი და მეტი – 432.4 ლარი.

საარსებო მინიმუმის შემცირება სასიხარულო ამბავია, ეს სულ ცოტა ქვეყანაში ფასების კლებაზე მიანიშნებს... საინტერესოა, ამ მიმართულებით, მართლაც არსებობს თუ არა სიხარულის საფუძველი? სავარაუდოდ, არა!.. რატომ? − შესაძლოა ჩამეძიოთ. განვმარტავ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, „საქსტატის“ მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი რეალობას აცდენილია. მათივე შეფასებით, ეს პირველ რიგში, საარსებო მინიმუმის განსაზღვრის არასწორი მეთოდოლოგიის შედეგია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური საარსებო კალათის საფუძველზე ადგენს. ეს კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების კონკრეტულ რაოდენობას შეიცავს და სულ ორმოცი დასახელების პროდუქტისგან შედგება. ეს არის − პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ექსპერტი ნიკა შენგელია: „ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯებს „საქსტატი“ არ ითვალისწინებს. საარსებო მინიმუმს ის მხოლოდ საკვების მინიმალური ნორმის მიხედვით ანგარიშობს. ასე რომ საარსებო მინიმუმი დღევანდელ მდგომარეობას რეალურად არ ასახავს...“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში წარმოდგენილია უმუშევრობის მონაცემებიც. 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამწუხაროდ გაიზარდა, ბევრით არა, 0.9 პროცენტით და 12.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 63.7 პროცენტია. ქვეყნის მასშტაბით შემცირდა დასაქმების დონე, კერძოდ 0.5 პროცენტით. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უმუშევრობის დონე სოფლად გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.3 პროცენტით გაიზარდა... სასოფლო დასახლებებში კი შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად, კვლავ მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით, თუმცა საანგარიშო პერიოდში 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტით. „საქსტატი“ მიმდინარე წლიადან მოყოლებული დასაქმება-უმუშევრობის დონეს უკვე ახალი მეთოდოლოგიით განსაზღვრავს. კერძოდ, თვითდასაქმებულ პირებს დასაქმებულთა კატეგორიაში აღარ ითვალისწინებს. ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მეთოდოლოგიის განახლების მიუხედავად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი უმუშევრობის არსებული ვითარების ადეკვატური არ არის, არ შეესაბამება იმ მძიმე რეალობას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის მარტის თვიდან  შეიქმნა. მათივე შეფასებით, უმუშევართა რაოდენობა გაცილებით მაღალია.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში პროცენტულ ჭრილში არის გამოხატული. ასეთია „საქსტატის“ მიდგომა. არ არის სწორი... ასე ვერ დავადგენთ ზუსტ სურათს. სამუშაო ძალა წლიდან წლამდე მცირდება, სამსახურის საძიებლად ქვეყნიდან გაედინება. პანდემიის პერიოდში უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ეს მხოლოდ თვითდასაქმებულებს არ ეხებათ. ვიცით, რომ თასობით ადამიანმა მთავრობას მიმართა კომპენსაციის მისაღებად. გამორიცხულია, რომ ამ ეკონომიკური შოკის პირობებში, როცა პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერდა, უმუშევრობის დონე მხოლოდ 1 პროცენტით გაზრდილიყო. ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების საფუძველი პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ისიც მარტივი მოცემულობაა, რომ სამუშაო ადგილებს ეკონომიკა ქმნის. ბოლო ათი თვეა, უმწვავესი კრიზისია არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემებში...“

დარწმუნებული ვარ, დაინტერესდებით მაკროეკონომიკური პარამეტრებით. მოგეხსენებათ ის პირდაპირ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე.

როგორც „საქსტატი“ იუწყება, მიმდინარე წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22 პროცენტით მეტია და 188.7 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში მაჩვენებელმა 6.03 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთ ან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია. როგორია ექსპორტ-იმპორტის პარამეტრები? ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში ექსპორტი წლიურად 21.6 პროცენტით შემცირდა და 254.1 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი ჯამურად 16.8 პროცენტით შემცირდა და 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში ლოგიკურია, შემცირდა იპორტიც, კერძოდ 14.3 პროცენტით, 442 მილიონ დოლარამდე... პირველ შვიდ თვეში იმპორტის ვარდნა წლიურად 17.9 პროცენტია  და 4.3 მლრდ დოლარს შეადგენს. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი სულ 18.6 პროცენტით შემცირდა და 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტ-იმპორტის ცალკეულ პარამეტრებზე აღარ შევჩერდები, არ მინდა, მკითხველი ციფრებით დავღალო, თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, თავად გაეცნობა „საქსტატის“ ვებგვერდზე. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მონაცემები ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია და ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე: „მიმდინარე წლის გავლილ პერიოდში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის კლება ეროვნული ეკონომიკის შეცირებაზე დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია. ეს კი კორონავირუსის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიისა და გლობალური მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში ცალსახად მიუთითებს სამამულო პროდუქციის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე... ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მით უფრო მეტად წონადია, რადგან ამ პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ბაზარზე. მოგეხსენებათ, ეს ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია მაღალი მოთხოვნებითა და სამომხმარებლო სტანდარტებით. ევროკავშირში ჩვენი პროდუქციის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 7 პროცენტით გაიზარდა და სამამულო პროდუქციის ექსპორტის 26.3 პროცენტი შეადგინა.  ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მაჩვენებელია, ექსპორტის დინამიკა გარდა იმისა, რომ ზემოქმედებს საგადამხედელო ბალანსზე და სავალუტო კურსზე, არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც...“

ამასობაში საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალი“ მორიგ მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს და გვაიმედებს, რომ მომდევნო თვეებში ეკონომიკური ვარდნის ტემპი შემცირდება!.. საინტერესოა, რა არის ამგვარი, პოზიტიური პროგნოზის საფუძველი, როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიო მასშტაბით უარესდება და შესაბამისად, ეკონომიკური აქტიურობის ზრდის პერსპექტივაც ნაკლებია? როგორც საკონსულტაციო ჯგუფში ვარაუდობენ, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან ის ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება... თუ პატივცემულ კონსულტანტებს დავუჯერებთ, სასიკეთო ცვლილებებს ორი წლის გასაყარზე უნდა ველოდოთ, მაგრამ რა იქნება  მანამდე?.. ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ დროში, წლის ბოლომდე და არა მანამდე!

 

  

მთავარი თემები