სამსონ ხონელი
არის, ასრულდა და ამით დასრულდა კიდეც!.. თუმცა შესაძლოა ვცდები და ყველაფერი სწორედ აწი იწყება... დარწმუნებული ვარ, სიტყვათა თამაშმა არ დააბნია ჩვენი მკითხველი. მკათათვის 21 რიცხვი გამორჩეული გამოდგა. კვირა დღეს ხალხის რჩეულები სალაყბოში დილიდან ადრე შეიკრიბნენ... მოლოდინიც განსაკუთრებული იყო. შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ელოდნენ პასუხს კითხვაზე − შესრულდებოდა თუ არა ე.წ. 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება და რა სისტემით ჩატარდებოდა მიმდინარე წლის ღვინობისთვის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოვლენათა განვითარებას დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ბებერი კონტიგენტის დედაქალაქში, ოკეანის გაღმა და გამოღმა...
ყველაფერი ბიუროს რიგგარეშე სხდომით დაიწყო. დღის წესრიგი დამტკიცდა. შემდეგ ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა კოლეგებს კენჭისყრაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. საპარლამენტო პოლიტიკურ ძალთა პოზიცია წინასწარ იყო ცნობილი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მმართველ გუნდთან ერთად მხარს უჭერდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. რაც შეეხება ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ორად გაყოფილ წარმომადგენლობას, უცხო არ ოყო, ისინი წინააღმდეგი იყვნენ. რატომ? იმედია, მკითხველს მოგეხსენება, მათთვის საარჩევნო სისტემის რეფორმის მხარდაჭერა გიორგი რურუას განთავისუფლებაზე გადიოდა... იმთავითვე, მარტივი არითმეტიკით დათვლადი იყო, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას დაუდებდა სათავეს. ასეც მოხდა...
ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა. მათ შორის 136-მა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ცვლილების მომხრეთ შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. სიტყვა არ გადათქვეს და წინასწარ დეკლარირებული პოზიციის ერთგულები დარჩნენ პარლამენტარები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მათ არც სხდომაში მიუღიათ მონაწილეობა. წინააღმდეგ კი სულ 5 დეპუტატი წავიდა. ვინ იყო უარზე? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა, დავაკონკრეტებ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა - ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან... პარლამენტმა უახლოეს ორ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მეორე და მესამე მოსმენით უნდა მიიღოს. როგორ განვითარდება პროცესები? ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირველი პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა...
პარლამენტის თავმჟდომარე არჩილ თალაკვაძე: „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს, საზოგადოებამ დაინახა, ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც, რასაკვირველია, საერთო ჯამში, სამწუხაროა, მაგრამ თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, იმაზეც რაზეც არსებობდა საზოგადოების დაკვეთა და საერთო ფართო კონსენსუსი, კითხვა ჩნდება შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ძალიან კარგია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება...“
მალევე გაირკვა, რა პოზიცია ექნება „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ საპარლამენტო წარმომადგენლობას მეორე და მესამე მოსმენის დროს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე: „ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ ამ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით არ დავუჭერთ მხარს თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს და არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას. ამიტომ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ ისინი 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებენ, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე, მესამე მოსმენით, თუ არა, შესაძლო შედეგზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნება“ იქნება...“
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „რა თქმა უნდა, მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა. დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას... იმედს ვიქონიებ, რომ ორივე ნაწილი ბოლომდე შესრულდება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავბრუნდეთ დარბაზში და მივცეთ ხმა...“
კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვისას და კენჭისყრისას არსებულ რისკებზე ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი დეპუტატების ერთმა ნაწილმა...
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი: „ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და მნიშვნელოვანი წუთები, რომ პირველი მოსმენით მაინც ეს ცვლილებები გავიდა. ჩვენ ძალიან ბევრი დავთმეთ და გადავიტანეთ იმისთვის, რომ ეს შედეგები მიგვეღო იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა არის ქვეყნის მართვის ფორმა. ამ ქვეყანას მართვის მახინჯი ფორმა აქვს უკვე ათ წელზე მეტია და ეს ფორმები უნდა შეიცვალოს... მეორე და მესამე მოსმენაზე სერიოზული რისკები იქნება. გაჩნდება ცვლილებების ჩავარდნის, საქმის ბოლომდე ვერ მიყვანის საფრთხე, ამიტომ ყველას ვალდებულება, რომ ამ ცვლილებებში მიიღოს მონაწილეობა...“
ოპტიმისტურად არის განწყობილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე: „დიახ პროცესს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორები და ფასილიტატორი ელჩები, ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ ეს კანონპროექტიც ბოლომდე გავა და შეთანხმებაც შესრულდება...“
არ დააყოვნა ევროკავშირის რეაქციამ. კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას. კალრ ჰარცელი სოციალურ ქსელში, „ტვიტერზე“ წერს. „მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად...“
ახლა ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ გავეცნოთ საკონსტიტუციო ცვლილების პარამეტრებს. რა თქმა უნდა, მკითხველის ყურადღებას ძირითად ასპექტებზე გავამახვილებ. პროექტით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი ასევე გულისხმობს 40 პროცენტიან ე.წ. ჩამკეტ მექანიზმსაც. ანუ პარტია, პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება... დეტალურად ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. დაინტერესებული მკითხველი ინფორმაციას თავადაც მარტივად მოიძიებს. ახლა მთავარია, როგორ დასრულდება პროცესი, გველოდება თუ არა მმართველი გუნდისგან ან სხვა საპარლამენტო დაჯგუფებისგან რაიმე, ვისთვის სასიამოვნო და ვისთვისაც მიუღებელი სიურპრიზი. პასუხს კითხვაზე ივნისის თვის ბოლოს მივიღებთ... წამზომი მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრისთვის მზადების დროს ითვლის!..