საქართველოში შეღავათებით საწვავზე 100 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

გამოწერა
ფერმერებმა, რომლებმაც დიზელის საწვავზე თავიანთი საშეღავათო ბარათები გაანაღდეს, ჯამში 3,6 მილიონ ლარამდე ეკონომია გასწიეს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები 112 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს განცხადებაში. 

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
იაფი საწვავი ფერმერებისთვის: როგორ იმუშავებს სქემა

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

7 აგვისტოს მონაცემებით, ფერმერებმა 29 ათას ტონაზე მეტ დიზელის საწვავზე ფასდაკლების ბარათები მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად 3,6 მლნ ლარამდე დაზოგეს.

პროგრამის ფარგლებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების მიზნით ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერმა 1 ივლისამდე შეძლო კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, თუ სულ მცირე 100 ლიტრი საწვავი აიღო. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლები იყო, ფერმერებს შეეძლოთ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
მთავრობის ახალი სოციალური პაკეტი მოქალაქეებს მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება

1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე შესაძლებელია კუთვნილი საწვავის დამატებით 20%-ის განაღდება არანაკლებ 300 ლიტრის შემთხვევაში. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერებს საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდება შეუძლიათ. 1 სექტემბრიდან კი მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის საწვავზე ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

დამატებითი დახმარება ფერმერებს

გარდა ამისა, 132 ათასზე მეტ ფერმერს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე უკვე დაერიცხათ აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24 მლნ ლარს აჭარბებს. 

აგროტექნიკა - Sputnik საქართველო
რამდენმა ქართველმა ფერმერმა მიიღო შეღავათიანი საწვავი

აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით, გაცემულია 16 ათასზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით მეტია. დაზღვეული მოსავალის ღირებულება 150 მილიონ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის პროგრამაში სიახლეა ის, რომ მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და შემოდგომის ყინვებისგან სამი წლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმწიფო, სხვადასხვა მოცულობით კულტურის სახეობის მიხედვით, მონაწილეობას მიიღებს სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებაში.

წელს შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს. სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს 5-დან 100 ათას ლარამდე იმ კრედიტის პროცენტს, რომელიც ერთწლიანი კულტურების წარმოების განვითარებაზეა აღებული. კრედიტი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა. 

მიწის ნაკვეთი - Sputnik საქართველო
საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

ბოლო მონაცემებით, უკვე გაცემულია 1 707 აგროკრედიტი. კრედიტის საერთო თანხა 31 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის სააგენტოს მიერ კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება 2,5 მლნ ლარზე მეტია.

სააგენტოს ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ყველა ახალი ამბავი
0