კობახიძე: მთავრობის სოციალური პაკეტი მოქალაქეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება
„პანდემიამ შექმნა სირთულეები ეკონომიკური და, შესაბამისად, სოციალური თვალსაზრისით და, ბუნებრივია, ამას სჭირდება პასუხი. პასუხი არის პირველ რიგში სოციალური დახმარება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია ის პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთვარობის მხრიდან. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იმაში, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა“, – აღნიშნა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი – III ეტაპი შეიმუშავა, რომლის თანახმად, 17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დახმარება. კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება ზამთარშიც. თვითდასაქმებულები, ვინც ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას. 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის სწავლის საფასური, ხოლო ასეთივე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს, ვისაც პანდემიის პერიოდში სტატუსი შეუჩერდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, დაუფინანსდებათ 1 წლის სწავლის საფასური.