თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air არ აპირებს ქართული ავიაბაზრის დატოვებას და თავისი ბაზის გაუქმებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
3 ივლისს თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება>>
უფრო ადრე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz Air ხურავს თავის ბაზას ქუთაისში და უშვებს თანამშრომლებს. ტელეარხის ინფორმაციით, ეს ფაქტი თითქოსდა უკავშირდება იმას, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ავიამიმოსვლის გახსნა 1 აგვისტომდე გადაიტანა.
„მინდა ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი" არსად არ გადის, „ვიზეარი" ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის" არეალი", – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამდე ავიაკომპანია კვირაში 30 ფრენას ასრულებდა, ასევე დაანონსებული იყო კიდევ 10 ახალი მიმართულება.
„ვიზეარი" არსად არ გადის... მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი" მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას თვითონ „ვიზეარიც" უახლოეს საათებში დაადასტურებს", – აღნიშნა მინისტრმა.
ლოუკოსტერი Wizz Air გასულ წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.
ავიაკომპანიამ 2019 წელს დაახლოებით 825,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაგადაზიდვების ქართული ბაზრის 16%-ს შეადგენს.