თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. თბილისიდან ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით ივლისში მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways განახორციელებს. თბილისი–ამსტერდამი–თბილისის მიმართულებით რეისები 4, 6, 11, 18, 20, 25 და 27 ივლისს განხორციელდება.
თბილისი–ვენა–თბილისის მიმართულებით კი ფრენები 5 და 12 ივლისს შესრულდება.
რაც შეეხება ჩარტერულ რეისს თბილისი–თელ-ავივი, იგი 2 ივლისსაა დაგეგმილი.
ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 12 ათასზე მეტი თანამემამულე სწორედ Georgian Airways-ის ჩარტერული რეისებით დააბრუნა.