04:20 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1018)
146 0 0

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით შემცირდა: ექსპორტი - 22%-ით, იმპორტი - 13%-ით.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა - ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-მარტში 2,7%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე). ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებშია საუბარი.

ექსპორტი 2020 წლის დასაწყისიდან 5,9%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით - იანვარ-მარტში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 778,2 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას კვირის ბოლოს წარმოადგენს>>

წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტიც - 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც 1,4%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43,9%-ს შეადგენს.

რითი ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა 26%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 17,3%-ით. თუმცა შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი 39,1%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტი - 9,6%-ით, აზოტოვანი სასუქების - 14,2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 11,3%–ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 8,7%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების - 3,4%-ით და სხვ. ამავდროულად შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი - 19,7%-ით, სპილენძის მადნებისა - 7,9%-ით,  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 0,1%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-მარტში 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,4%-ია.

თურქეთთან ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 402,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,5%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით გაიზარდა.

თურქეთში 2020 წლის დასაწყისიდან გავიდა 10,4 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 381,7 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 10 ათასი ტონა ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა 17 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 163,9 ტონა სამედიცინო პრეპარატი, 12,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი და ა.შ.

აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 7 983 მსუბუქი ავტომობილი, 406 სატვირთო ავტომობილი, 103,2 ტონა სამკურნალო საშუალებები და ა.შ.

აზერბაიჯანიდან შემოტანილია 667,7 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, 23,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 8,1 ათასი ტონა წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან, 21 მლნ დოლარის ელექტროენერგია და ა.შ.

მესამე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 7,8%-ით და შეადგინა 301,4 მილიონი დოლარი - საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10,9%.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 25,6 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 8,6 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 18,3 ათას ტონაზე მეტი მინერალური და სასმელი წყალი, დაახლოებით 1,5 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი რჩება საქართველოს ყველაზე მსხვილ საწვავის მომწოდებლად - წლის დასაწყისიდან რუსეთიდან შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 65,1 ათასი ტონაა.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს 86,6 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 64,2 ათასი ტონა ნავთობის აირები, 5,9 ტონა ტელეფონის აპარატები, დაახლოებით 8,1 მილიონი დოლარის ელექტროენერგია და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან ასევე: ჩინეთი - დაახლოებით 281,3 მილიონი დოლარი, აშშ - დაახლოებით 138,6 მილიონი დოლარი, უკრაინა - დაახლოებით 138,2 მილიონი დოლარი, სომხეთი - 132,8 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია - დაახლოებით 111 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 112 მილიონი დოლარი, იტალია - 52,4 მლნ დოლარი.

გასაღების ბაზრები

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე მოახდინა დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით>>

მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს წმინდა ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნებზე მოდიოდა.

პროგნოზები

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით შემცირდა: ექსპორტი - 22%-ით, იმპორტი - 13%-ით.

იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშეა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და განათლების სფეროები.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ანალიტიკოსები მთავრობას საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარებიან>>

საქართველოს მთავრობა მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე ეკონომიკის გადასარჩენად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კი ამზადებენ ფინანსურ დახმარებას. საერთაშორისო დონორები საქართველოს წლის ბოლომდე 1,5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას ჰპირდებიან.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1018)

მთავარი თემები