თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. საქართველოს მთავრობა პარასკევს, 24 აპრილს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პროექტს წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკს წარმატებით გადალახავს, დაიწყება შეზუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება, რის შემდეგაც მიიღებენ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისა და ეკონომიკის გადარჩენისკენ მიმართულ ზომებს.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 22 აპრილისთვის>>
„პროექტი ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის - მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევს იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და, შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა“, – განუცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.
გადადგმული ნაბიჯები
ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ემსახურება ეკონომიკის სტიმულირებასა და საქართველოს მოსახლეობის დახმარებას.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოყოფს მასტიმულირებელ პაკეტს ორი მილიარდი ლარის ოდენობით. მანამდე, 13 მარტს ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფის თაობაზე განაცხადა.
თავდაპირველი პაკეტი გულისხმობს 2020 წლის ნოემბრამდე გადასახადების შეჩერებას ტურისტული სექტორისთვის, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო–საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების დაჩქარებასა და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.
მთავრობა ასევე მოახდენს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტის სუბსიდირებას, მათ შორის ფქვილის, რძის ფხვნილის, ზეთის და ა.შ. და შექმნის ამ პროდუქტების მარაგს (50 მლნ ლარის).
ამას გარდა, მთავრობა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს დაუფარავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადებს.
დონორების დახმარება
გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღება მოახერხა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელებას, რაც წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას ნიშნავს.
ასევე აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანული განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომლებიც ქვეყნის ერთგული დონორები არიან, საქართველოსთვის 2020 წლის ბოლომდე გამოყოფენ 1,5 მილიარდ დოლარს.
ამდენივე თანხას, აუცილებლობის შემთხვევაში და მთავრობის შუამდგომლობით, დონორები გამოყოფენ კერძო საფინანსო სექტორისა და რეალური სექტორის დასახმარებლად.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისთვის 408-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 97 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.