მილიარდ ნახევარი საქართველოს ეკონომიკისთვის: დონორებთან მოლაპარაკებების შედეგები

© photo: Government of Georgia / FB პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს წლის ბოლომდე 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოუყოფენ

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 447 მილიონ დოლარს გამოუყოფს, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ზარალდება ბიზნესის თითქმის ყველა სფერო. მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა. კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლება ფინანსური დახმარების მიღების მიზნით სამი კვირის განმავლობაში აწარმოებდა აქტიურ და საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს

„ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე მინდა გითხრათ და გაცნობოთ, რომ ჩვენ დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდათ მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში შემოვა“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი სამწლიანი პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას.

დეკემბერში სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ 41,4 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფის და „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ერთი წლით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნავთობი, გაზი და მსოფლიო ეკონომიკა: როგორ შეიცვლება ცხოვრება >>

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ქვეყნის ერთგული დონორები მრავალი წლის განმავლობაში არიან, იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც საქართველოსთვის წლის ბოლომდე 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

კორონავირუსი ქვეყანაში - Sputnik საქართველო
რამდენად დააზარალებს საქართველოს კორონავირუსის პანდემია - მოვლენების განვითარების სცენარი

„მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ყველა ეს დონორი ორგანიზაციაა, რომლებთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ დონორების მხრიდან წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, შემოსული იქნება დამატებით მილიარდ 500 მილიონი დოლარი”, - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობის შუამავლობით ეს ორგანიზაციები დახმარებას საქართველოს კერძო საფინანსო სექტორს გაუწევენ.

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათთან ერთად, მათი თხოვნით და მათი მხარდაჭერის მიზნით, იმავე სახის მოლაპარაკებები გვქონდა იმავე დონორ ორგანიზაციებთან. მათ განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო სექტორისა და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის ათვისება“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე ყურადღება პოსტკრიზისული გეგმის განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და გამოთქვა რწმენა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის განვითარებისთვის თანხების მოზიდვაში ქვეყანას მომავალშიც დაეხმარებიან.

მთავრობის ნაბიჯები ეკონომიკის წახალისების მიზნით

ქვეყნის მთვარობამ პირველ აპრილს ორი მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულირების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც დაემატა 13 მარტს გამოცხადებულ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტს.

თავდაპირველი პაკეტი მოიცავდა ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების პროცესის დაჩქარებას და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება

მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტს, მათ შორის, ფქვილის, ბრინჯის, რძის ფხვნილის, ზეთის და ამ პროდუქტების 50 მილიონი ლარის ღირებულების მარაგს შექმნის.

გარდა ამისა, მთავრობა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს დაუფარავს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს, ამასთან ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთბაშად 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების სტადიაზე გადავიდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელა.

ყველა ახალი ამბავი
0