04:41 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1050 0 0

მარტის თვიდან კომერციულ ბანკებში რეგულაციების გამარტივებას ელიან. სესხებზე ხელმისაწვდომობის გამკაცრების მიუხედავად, ქვეყანაში ვითარება უფრო მძიმდება... წლიდან წლამდე იზრდება პრობლემური სესხების რაოდენობა და კრედიტორების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა..

სამსონ ხონელი

ბევრი აღარ დარჩა... მოგეხსენებათ, თებერვალი მოკლე თვეა. მიმდინარე წელი ნაკიანია, კალენდარი 28-ის ნაცვლად 29-ს აითვლის და ეს ზამთარიც წარსულს ჩაბარდება. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ კლიმატური თვალსაზრისით სამდურავი ნამდვილად არაფერი გვაქვს, უკეთესს ვერც კი ინატრებდა კაცი... მხოლოდ ამინდი არ კმარა!.. დარით ვერ დავნაყრდებითო, − სავარაუდოდ, ბრძანებს მკითხველი და მართალი იქნება, მაგრამ ვეჭვობ, რასაც მკითხველი გულისხმობს ზამთარის ბრალი არ უნდა იყოს. ჩვენი დროების  სიდუხჭირე წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულად იჩენს ხოლმე თავს... ერთი სიტყვით, კიდევ არასრული ორი კვირა და მარტის თვეც დადგება. როგორ გაზაფხულს მოიყვანს მერცხალი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა მოლოდინი არის... საინტერესოა, ვინ რას ელის და ცელსიუსით ტემპერატურის მატებასთან ერად ვის რისი იმედი აქვს? კითხვაზე პასუხი მარტივი არ არის, ჩამონათვალი ვრცელია და შორს წაგვიყვანს. ასე რომ, ჭარბი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და მკითხველის ყურადღებას ბანკირების საგაზაფხულო მოლოდინზე გავამახვილებ.

მარტის თვიდან საფინანსო სექტორში საბანკო რეგულაციების გამარტივებას ელიან. პირობა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, კობა გვენეტაძემ დადო. კომერციული ბანკების მესვეურები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვები მოიხსნება და კრედიტის გაცემის პროცედურებიც გაიოლდება. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება საკრედიტო პორტფელი და შესაბამისად საბანკო სექტორის შემოსავალი და მოგება. ჯერ უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი და არსებულ წესებში რა სახის ცვლილება განხორციელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფინანსური რეგულაციების დაწესებისა და სესხებზე ხელმისაწვდომობის გამკაცრების მიუხედავად, ჭარბვალიანობის კუთხით, ქვეყანაში ვითარება უფრო მძიმდება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვალის გარეშე ცხოვრებას ვეღარ ახერხებს.

ამგვარი დასკვნის საშუალებას „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა. თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნული ბანკის მონაცემებს ეყრდნობა. კერძოდ, საქართველოში 1.8 მილიონ ადამიანს 19 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის 66 პროცენტი ვალით ცხოვრობს. საშუალოდ ერთ ადამიანზე გაცემული სესხის მოცულობა ათი ათასი ლარია. ფონდის მესვეურებისა და ექსპერტების შეფასებით, ეს ვითარება საგანგაშოა... როგორც „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ ხელმძღვანელი ანა გოგოლაძე აცხადებს, სესხის მოცულობაზე მეტად პრობლემურია მისი მიზნობრიობა. ქვეყანაში სულ 2.7 მილიონი სრულწლოვანია. მათგან 66 პროცენტს აღებული აქვს ე.წ. სამომხმარებლო სესხი, რომელიც წარმოებას არ ხმარდება. მისივე თქმით, სესხი კარგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ არის მიმართული. „აქვე, უნდა ითქვას, რომ 760 ათასი პენსიონერიდან ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამეს აღებული აქვს საპენსიო სესხი, რაც ძირითადად წამლებზე, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე იხარჯება. აღნიშნული სესხის გასტუმრება მძიმე ტვირთად აწვება უშუალოდ პენსიონერსა თუ მისი ოჯახის წევრებს. ზოგადად, ყოველი მეოთხე მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის დაფარვას. წლიდან წლამდე იზრდება ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები... 2017 წელს ეს მაჩვენებელი 77 მილიონი იყო, 2019 წელს კი 85 მილიონი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სესხის გადახდა უფრო და უფრო უჭირთ...“, − აცხადებს ანა გოგოლაძე.

ანალიტიკოსების შეფასებით, სოციალური ფონის გაუარესებამ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვალით ცხოვრება ასწავლა. გაჩნდა ტერმინიც − კრედიტდამოკიდებული. მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა ფრეგულაციები დააწესა და საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ფულს კერძო მევახშეებისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით სესხულობს. საბოლოო, ჯამში ადამიანები ისეთ თანხებს ეჭიდებიან, რისი გადახდის უნარიც არ შესწევთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ნახევარი მილიონი მოქალაქე საბანკო ვალდებულებას ვერ ისტუმრებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აკონკრეტებს, რომ 1.8 მილიონი ადამიანიდან 500 ათასი ვერ ახერხებს საბანკო სესხის დაფარვას, მათ შორის 111 ათას ადამიანს პრობლემა ბოლო ერთ წელწადში შეექმნა.

საბანკო სფეროს სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა შეფასებით, მდგომარეობა საფინანსო ბაზარზე, განსაკუთრებით ბანკების მიმართებაში არც ისეთი საგანგაშოა, როგორც ამას „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდში“ აცხადებენ. მათივე თქმით, ინფორმაცია სწორია, თუმცა აქ მთავარი სხვაა, შეიძლება მსესხებლების რაოდენობა ბევრი იყოს, მაგრამ თანხები რაოდენობრივად არც ისე დიდია.

„ფონდს აქვს ინფორმაცია, რასაც ეროვნული ბანკი ადასტურებს, ამიტომ ინფორმაცია სწორია, თუმცა ეკონომიკური ანალიზი არ გაუკეთებიათ. რიცხვები საინტერესოა და ყველა საფინანსო ინსტიტუტს ეხება... 1.8 მილიონ ადამიანს აქვს სესხი და აქედან მეოთხედს ვადაგადაცილებული ვალდებულება აკისრია. რიცხვებში რაც ჩანს ესეც საკმაოდ პრობლემატურია და როგორც აღმოჩნდა რეგულაციების ეფექტი ჯერ არ მუშაობს. ის ალბათ, უფრო გვიან გამოჩნდება. პრობლემურ მსესხებლებში შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ კომერციული ბანკების მსესხებლები, როგორც ამაზე ფონდში აკეთებენ აქცენტს, არამედ − ონლაინ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მსესხებლები. ასე რომ, დებიტორების რაოდენობა შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ თვითონ თანხები რაოდენობრივად არც ისე დიდია. ვფიქრობ, ასე რიცხვებით თამაში, წინასაარჩევნო სპეკულაციის საგანიც შეიძლება გახდეს. ზოგადად, სამომხმარებლო პორტფელს რაც შეეხება, საბანკო სექტორში მოკლევადიანმა სესხებმა 2018 წელთან შედარებით 6 პროცენტით დაიკლო. სამომხმარებლო სესხის დაკრედიტება სწრაფად იზრდებოდა და ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები ამიტომ შემოიღო...“ − განმარტავს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. მისივე მოსაზრებით, მსესხებელთა რაოდენობა რომ შემცირდეს,  უნდა ვერბრძოლოთ მიზეზს. მთვარი მიზეზი კი სიღარიბეა და გაჭირვებაა, ნამდვილად არავის ეხალისება ვალის აღება...  

ვიდრე ფინანსისტები საკრედიტო სფეროში არსებულ ვითარებაზე ბჭობენ, ეროვნული ბანკი კიდევ ერთ საგულისხმო ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ, გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების ანგარიშზე 220.049.010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70.462. 819 ლარით გაიზარდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდის პარალელურად ამ საფინანსო ინსტიტუტის მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი კი ერთ წელიწადში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების სწრაფი ტემპით ზრდას ყურადსაღებ მოვლენად აფასებს და მიიჩნევს, რომ თუ ბანკს საკრედიტო პორტფელი ეზრდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასაკუთრებული ქონებაც უნდა გაეზარდოს. ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ირაკლი ყიფიანი ვადაგადაცილებული სესხებისა და ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობის მკვეთრ  ზრდას ეკონომიკური განვითარების დაბალ ტემპსა და ბიზნესგარემოს გაუარესებას უკავშირებს...

დასკვნის სახით, მოგახსენებთ, ფაქტია, საბანკო რეგულაციებმა მოქალაქეთა საკრედიტო წნეხი არ ან ვერ შეამსუბუქა... კიდევ უფრო არ დაამძიმაო, − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა. არ ვიკამათებ,  ერთს ვიტყვი, ვეჭვობ მიზანი სტატუსკვოს შენარჩუნება არ იყო... ერთი სიტყვით, საბანკო სექტორი დებიტორებისა და დასაკუთრებული უძრავი ქონების გაზრდილი რაოდენობით შეხვდება მომავალ გაზაფხულს. ეს კი პერსპექტივაში შესაძლოა, მისი მთავარი გამოწვევაც იყოს, რადგან პრობლემური კრედიტები, როცა მათი მოცულობა დასაშვებ ნორმას სცდება, პირველ რიგში, საფინანსო სისტემის მდგრადობას უქმნის საფრთხეს... 

და ბოლოს, გავმეორდები, როგორ გაზაფხულს მოიყვანს მერცხალი, ამას დრო გვიჩვენებს... ერთსაც დავსძენ, ვიცი, ბანალურია, ვიღაცას გაუმართლებს და კიდევ ვიღაც გაღიმებული დარჩება...

 

მთავარი თემები