23:47 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
265 0 0

ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რა მოცულობის ლარი ტრიალებს ქვეყანაში - კურსი დოლარის და ლარის მასის თანაფარდობით ყალიბდება.

როდესაც ლარის მასა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დოლარი შემოდის, ლარი უფასურდება. ლარის მასის ზრდის მთავარი წყარო ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში დამატებითი ლარის გამოტანაა. ლარის მოცულობა იმ შემთხვევაშიც იზრდება, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე იმავე პერიოდში ეკონომიკიდან საბიუჯეტო შემოსავლების სახით იღებს. ექსპერტების განცხადებით, ლარის კურსზე უდიდეს გავლენას ახდენს რეფინანსირების სესხებიც, რასაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს. ამ შემთხვევაშიც ლარის მასა იზრდება და დამატებითი წნეხი ჩნდება ლარის გაუფასურებაზე.

მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 4,124 მლრდ ლარის ტოლია. იანვარში 3,289 მლრდ ლარი იყო. ზოგადად, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იმატებს, თუმცა იყო თვეებს შორის ისეთი მცირე მონაკვეთებიც, როდესაც ლარის მასა იკლებდა. ლარის კურსის ცვლილებისთვის გასათვალისწინებელია როგორც ეკონომიკის ზრდა, ასევე საგარეო ფაქტორები. აღსანიშნავია, რომ ძირითადად კურსი ემთხვევა ლარის მასის სწრაფი ზრდის დინამიკას. ლარის საშუალო კურსი იანვარში თუ 2.66 იყო, ოქტომბერში 2,97-ს მიაღწია.

იზრდება სარეზერვო ფულიც (M1 – ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გამოშვებულ ნაღდ ფულს (M0) დამატებული კომერციული ბანკების დეპოზიტები ეროვნულ ბანკში), რომელიც იანვარში თუ 7,48 მლრდ იყო, ოქტომბერში 9,013 მლრდ ლარს მიაღწია.

ასევე იზრდება ფართო ფული M2 (მიმოქცევაში არსებულ ლარს დამატებული კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები ლარში, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე). იანვარში თუ ეს მაჩვენებელი 9,23 მლრდ-მდე იყო, ოქტომბერში 11,363 მლრდ-ს გადააჭარბა.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აგრეთვე ფართო ფული M3 (M2 და კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო თანხა). იანვარში ეს მაჩვენებელი 20,185 მლრდ ლარის ტოლი იყო, ოქტომბერში კი 24,373 მლრდ-ს მიაღწია.

ცალკე თემაა რეფინანსირების სესხები, რომელთაც ეროვნული ბანკი მოკლე ვადით სესხად აძლევს კომერციულ ბანკებს. ასეთი სესხებით კომერციული ბანკები ლიკვიდობის დეფიციტს ირეგულირებენ. რეფინანსირების სესხის აღება მხოლოდ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ და მათი მიღება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) აუქციონზეა შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მეტ რეფინანსირების სესხს გასცემს სებ-ი, მით უფრო იზრდება ლარის მასა. ეკონომისტები ამ მაჩვენებელზეც ამახვილებენ ყურადღებას და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ დიდი მოცულობით გაცემულ რეფინანსირების სესხებს ასახელებენ. რაც შეეხება დინამიკას, 2019 წლის იანვარში ხუთჯერ გაიმართა აუქციონი და კომერციულმა ბანკებმა ჯამში 4.55 მლრდ ისესხეს. ოქტომბერში ასევე ხუთჯერ გაიმართა აუქციონი და ჯამურად ნასესხებმა თანხამ 11.05 მლრდ ლარი შეადგინა. 

როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა გასულ წლებში ჯერ ეკონომიკის სტიმულირების, შემდეგ ბანკებისთვის ლიკვიდობის პრობლემის მოტივით რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა დაიწყო. ცხადია, ერთი მხრივ იაფი ფული ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობია, თუმცა, ფულის ხელმისაწვდომობის ზრდა, თავის მხრივ, ფულის მასის ზრდას იწვევს, რაც შემდეგ უკვე ლარის კურსის ვარდნის ხელშემწყობიც არის და ინფლაციის ზრდისაც. ამიტომ კონკრეტულ მომენტში განაკვეთის ზუსტი ბალანსია საპოვნელი.

თუ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ მაქსიმალური პროცენტი 2008 წელს იყო – მაშინ განაკვეთი აპრილში 12%-მდე გაზარდეს. სავარაუდოდ, მაშინდელი ზრდის მიზანი ინფლაციის მაღალი ტემპის შემცირება იყო, თანაც დაერთო აგვისტოს ომი და, როგორც მთელ ეკონომიკას, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასაც დიდი დარტყმა მიადგა. შემდგომში რეფინანსირების განაკვეთი  პერიოდულად იკლებდა და იმატებდა. 2013 წლის აგვისტოში მინიმალურ 3,75%-მდე შემცირდა. მაშინდელი ასეთი კლების მიზანი ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა იყო. თუმცა, იმავდროულად დაწყებულმა ლარის გაუფასურებამ, თავის მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის მატების საფუძველიც გააჩინა. 2015 წლის ბოლოს განაკვეთმა 8%-ს მიაღწია. შემდეგ კვლავ კლება იყო.  

უკვე წელს, თუ მარტში რეფინანსირების განაკვეთმა 6,5%-მდე დაიწია, სექტემბრიდან მოყოლებული მომატება დაიწყო და ოთხშაბათს სებ-მა უკვე ახალი – 9%-იანი ნიშნული გამოაცხადა. შედეგად, სესხები ლარში გაძვირდა და ფულის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა.

აქედან გამომდინარე საინტერესოა ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ფულის მართვის ქრონოლოგია. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 2014 წლის შემოდგომით დაწყებულ ლარის მკვეთრ გაუფასურებას, გარე ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით განვითარებულმა არასწორმა ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ. 2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აღინიშნებოდა, ამასთან ერთად ნოემბრიდან ბიუჯეტის ხარჯების და რეფინანსირების სესხის მოცულობების ზრდა ლარის მოცულობაზე მნიშვნელოვნად აისახა.

2014 წლის დეკემბერში, იმავე წლის ნოემბერთან შედარებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა უპრეცედენტო მაჩვენებლით – 241.5 მლნ ლარით გაიზარდა. გასულ წლებში ერთი თვის განმავლობაში ლარის მასა ამ მოცულობით არასდროს გაზრდილა. ე.წ. სარეზერვო ფული, რომელიც მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულთან ერთად ბანკების დეპოზიტებსაც მოიცავს, იმავე დეკემბერში 450 მლნ ლარით გაიზარდა.

ერთბაშად მსგავსი მასშტაბით არა, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო წლევანდელ იანვარ-სექტემბრის პერიოდშიც. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიმოქცევაში არსებული ლარის მასა 3,289 მლრდ-დან 4,125 მლრდ-მდე გაიზარდა.

ეკონომისტთა ნაწილი სებ-ის მიერ ბაზარზე ფულის მასის მიწოდების ზრდაში ლარის გაუფასურებაზე პირდაპირ გავლენას ხედავს. ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს, როდესაც ეროვნული ბანკი იძულებული გახდა რეფინანსირების განაკვეთი 7,5%-მდე გაეზარდა, ამ გზით ბაზარზე ლარის მასის ზრდა შეეზღუდა და, შესაბამისად, ლარის გაუფასურება შეეჩერებინა, მეორე დღესვე უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის – 1,9 მლრდ ლარის მოცულობის რეფინანსირების სესხები გასცა კომერციულ ბანკებზე. იმავე დღეს სებ-მა გამოაცხადა, რომ ლარის გასამყარებლად მომდევნო დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდდა რეზერვებიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ხელით თუ ფულის მასის შემცირებას ცდილობდა დოლარის გაყიდვით, მეორე ხელით ეს მასა იმავე დღეს გაზარდა სესხების გაცემით...

ეკონომისტი პაატა შეშელიძე ასეთ ქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის დანაშაულებრივი სქემა, რასაც ლარის გაუფასურებაც მოსდევს და ინფლაციის ზრდაც.

„ეს არის დანაშაულებრივი სქემა, არანაირი კავშირი ეკონომიკასთან არ აქვს და მთავრობა ამას ხელს აფარებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებები არის პირდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობა ამას ხელს აფარებს. ამასთან, მაჭავარიანი ცრუობს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ფისკალური პოლიტიკა გავლენას არ ახდენს ლარის კურსზე“, – აცხადებს შეშელიძე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ღია ბაზარზე გასცემს რეფინანსირების სესხს, დეპოზიტად კი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებს იტოვებს, შესაბამისად, კომერციული ბანკები ამ ფულს აძლევენ ფინანსთა სამინისტროს. ანუ ეროვნული ბანკი ინფლაციის ხარჯზე ირიბად აფინანსებს მთავრობას.

რეფინანსირების განაკვეთის მატებას გამოეხმაურა სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების პროცენტი ასწია. სწორია, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ ყოველკვირეულად 2,5 მილიარდი ლარი აძლია სესხად კომერციულ ბანკებს?! გინდ გქონია და გინდ არა მაღალი პროცენტი, თუ რამდენსაც მოგთხოვენ ბანკები, იმდენი გაეცი“, – წერს გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე. 

თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ გრაფიკზე რა თანაფარდობაა ლარის მასის ზრდასა და ლარის კურსს შორის. კურსის ცვლილებასთან ყველაზე ახლოს, როგორც ვხედავთ, რეფინანსირების სესხის მაჩვენებელია.

 ლარის მასის ზრდასა და ლარის კურსს შორის თანაფარდობის გრაფიკი
photo: courtesy of Temur Ioseliani
ლარის მასის ზრდასა და ლარის კურსს შორის თანაფარდობის გრაფიკი

თემურ იოსელიანი

 

მთავარი თემები