თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტი უძრავი ქონება უცხოელებს შორის რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს (40%), ნათქვამია მიგრაციის საკითხებში სამთავრობო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებში.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები საქართველოში სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ:
| ქვეყანა | დარეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობა |
| რუსეთი | 15 133 |
| ირანი | 5 598 |
| უკრაინა | 2 599 |
| სომხეთი | 1 447 |
| თურქეთი | 1 226 |
| აზერბაიჯანი | 1 192 |
| აშშ | 1 182 |
| სხვა | 7 855 |
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა იმ ბინების რეგისტრაციის შემთხვევები, რომელთა მფლობელები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ასევე გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევები. ამასთან, მკვეთრად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევები, რაც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმთან.
ცვლილებები შევიდა კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ". ცვლილებები კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე იმოქმედებს, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიყიდვა უცხოელებზე მთლიანად აკრძალულია.

