23:14 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
იუსტიციის სახლი

საქართველოში ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირდება: ეროვნული ბანკის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (309)
5501

რეფინანსირების განაკვეთი ბოლო ორი თვის განმავლობაში ორი საპროცენტო პუნქტით გაიზარდა

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას მანამდე გაამკაცრებს, სანამ გაცვლითი კურსის მხრიდან ინფლაციაზე ზეგავლენა არ შეჩერდება, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8,5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ფასები იზრდება – ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს >>

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ლარის კურსი საქართველოში ფასების ზრდას განაპირობებს
სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,4% შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ პროდუქციის გაძვირება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული.

ნახევარ წელიწადში ლარი დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებით არის 2,9710 GEL/$1.

„წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გაგრძელდა. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ ინფლაციის გავლენის განეიტრალების მიზნით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო.

ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს >>

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 4 სექტემბერს გაზარდა (6,5%-დან 7%-მდე), მეორედ - 25 სექტემბერს (7,5%-მდე). 27 სექტემბერს კი, როდესაც ლარმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია (2,9808 GEL/$1), ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი ეროვნული ვალუტის გასამყარებლად გადადგა, მაგრამ ამას მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი მოჰყვა.

პოლიტიკის გამკაცრება და საგარეო სექტორის გაუმჯობესება ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს
„პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ლარის გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების საშუალებით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (309)

მთავარი თემები