როგორ შეუშალა ხელი ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ზედმეტად გამყარებას

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ს დოლარები
აშშ-ს დოლარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის 22 და 25 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონებზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვით ლარის მკვეთრ გამყარებას შეუშალა ხელი, მიაჩნია საბანკო პროდუქტების ექსპერტს დავით კიკვიძეს.

სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. 

საწვავის ფასის ისტორიული მაქსიმუმი – მსოფლიო ბაზრის გამოძახილი თუ კარტელური გარიგება >>

„ტურისტული სეზონი დაიწყო და დოლარის დიდი ოდენობით შემოდინება არის ნავარაუდევი, რასაც ლარის გამყარება მოჰყვება ხოლმე. ეროვნულმა ბანკმა კი დოლარის შესყიდვით ლარის ზედმეტად გამყარების პრევენცია მოახდინა“, — განუცხადა დავით კიკვიძემ „Sputnik-საქართველოს“.

საბანკო პროდუქტების ექსპერტის თქმით, ეროვნულ ბანკს ბაზარზე დოლარის დიდი ოდენობით შემოდინება თავის ნებაზე რომ მიეშვა, უახლოეს პერიოდში დიდი ალბათობით ლარის მკვეთრი გამყარება მოხდებოდა, რაც ზოგადად ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა არ არის. 

„ამ ნაბიჯით სებ-მა ლარის სტაბილურობას შეუწყო ხელი, თუმცა შესაძლებელი იყო მას ცოტა ხანი დაეცადა და ლარისთვის ცოტა მეტად გამყარების საშუალება მიეცა“, — აღნიშნა დავით კიკვიძემ.

მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
ვისი ჯიბე სქელდება ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად...

ექსპერტის აზრით, ლარის გამყარება მოსახლეობის ჯიბისთვის იქნებოდა კარგი, რადგან უმეტესობას ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი კურსი გარკვეულწილად ტვირთად აწევს დოლარში აღებული სესხების გამო.

„ქვეყნის ეკონომიკას კი პირველ რიგში სტაბილური ეროვნული ვალუტა სჭირდება“, — აღნიშნა დავით კიკვიძემ. 

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძეც მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეროვნული ბანკის მიერ ამ დღეებში 20 მლნ დოლარის შესყიდვის მიზანი საერთაშორისო რეზერვების შევსება ყოფილიყო. 

„ბაზარზე კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ლარის კურსის გამყარება სახეზე არ გვქონია“, — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.  

რამ განაპირობა პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა >>

ეკონომისტი ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, სებ-ს საერთაშორისო რეზერვების შევსება საგარეო ვალის გასასტუმრებლად დასჭირდა, ხოლო იმისათვის, რომ ბაზრიდან ამოღებულ 20 მლნ დოლარს ლარის კურსზე ძალიან არ ემოქმედა, აუქციონამდე ერთი დღით ადრე სებ-მა რეფინანსირების სესხები 30 მლნ ლარით შეამცირა და სრულად რომ დაებალანსებინა ეს ამოღება, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

27 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4559 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0028 ლარით დაეცა. 

წელს ეროვნულმა ბანკმა დოლარი სავალუტო აუქციონზე სულ სამჯერ იყიდა. პირველად 20 მლნ დოლარის შესყიდვა სავალუტო აუქციონზე 2018 წლის 3 აპრილს მოხდა. 

ნატა პატარაია
ყველა ახალი ამბავი
0