20:09 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
ნათია თურნავა

რა შემთხვევაში არ გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი: თურნავამ პირობა დაასახელა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (51)
74 0 0

ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდის შემთხვევაში საქართველოს სატარიფო პოლიტიკა სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე დამოკიდებული გახდება, მიიჩნევს მინისტრი

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თუ საქართველოში არ გაგრძელდა ჰესების მშენებლობა, ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა მოუწევს, რაც ტარიფებზე აისახება, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით (ESCO), 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში მოხმარებულია თითქმის 8,6 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია - 8,3 მილიარდი კილოვატ-საათი. ამის გამო საქართველო იძულებულია ელექტროენერგია მეზობლებისგან შეიძინოს.

საქართველოში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები  გადაიხედება >>

„უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოველით, მაგრამ თუ წლების მანძილზე არ დაიძრა ჰესების მშენებლობები, გაიზრდება იმპორტი და ტარიფი ჩვენს შიდა პოლიტიკაზე კი არა, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის გეგმებშია ჰესების მშენებლობის გაგრძელება.

„აქ საუბარი არაა მხოლოდ მსხვილ ჰესებზე, საუბარია მცირე, მწვანე, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ჰესებზე, რომელიც ნებისმიერი განვითარებული მწვანე ეკონომიკისა და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნა თურნავამ.

ბოლო დროს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. ამიტომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვეყანას იმპორტის განხორციელება უწევს.

„და ეს ნორმალური ვითარება არაა, რადგან მდიდარი ვართ ჰიდრორესურსებით. მოსახლეობასთან დიალოგით, აქტიური მუშაობით გარემოსდაცვითი კუთხით გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას. ბევრი ჰესი შენდება ხმაურის გარეშე, რაც ძალიან გვახარებს“, - აღნიშნა თურნავამ.

2016 წლიდან 2018 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 6%-ით, ხოლო ადგილობრივი წარმოება - მხოლოდ 5%-ით, შედეგად მეზობელი ქვეყნებისგან განხორციელებული შესყიდვების მოცულობა სამჯერ გაიზარდა.

სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა >>

ენერგეტიკული დეფიციტის საკითხის გადაჭრის გზას ექსპერტები ხედავენ ყოველგვარი ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელთა შორის პრიორიტეტს მაინც ჰესები წარმოადგენს.

ჰიდრორესურსების განვითარება საჭიროა, მაგრამ ჰესების მშენებლობის პროექტები ხშირად სირთულეებს აწყდება. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან ეკოლოგები და იმ რეგიონების მოსახლეობა, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი. ექსპერტების თვალსაზრისით, მოსახლეობას ბოლომდე არ ესმის ჰესების მშენებლობის აუცილებლობა და ამ პროექტებისგან მათ მიერ მომავალში მიღებულ სარგებელს ვერ ხედავენ.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (51)

მთავარი თემები