21:47 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
თბილისი

სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?

ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1051 0 0

სექტემბრიდან სექტემბრამდე... ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება! აქვს თუ არა მთავრობას რესურსი, შეაჩეროს ინფლაციური პროცესი?

სამსონ ხონელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.7 პროცენტი შეადგინა. ბევრია ეს თუ ცოტა? თავად განსაჯეთ – მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველთვიური ინფლაციის ყველაზე მაღალი ნიშნული სწორედ სექტემბერში დაფიქსირდა. საინტერესოა, რატომ?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხული ეკონომიკური თვალსაზრისით აქტიური პერიოდია, ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ გარემოებას ისევ და ისევ პოლიტიკური ვითარების არასტაბილურობას და ეკონომიკაზე მის ნეგატიურ გავლენას უკავშირებს. იგულისხმება პროცესი, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე 20 ივნისს დაიწყო და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

იყო სხვა მიზეზებიც. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე. იგულისხმება ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შემოსავლები ტურიზმის სფეროდან...

ჯერ კიდევ აგვისტოს თვის და წლიური ინფლაციის მაჩვენებლების (შესაბამისად, 0.8 და 4.9 პროცენტი) შეფასებისას კომპანია „თიბისი რისერჩის“ ანალიტიკოსთა ჯგუფი ანგარიშში წერდა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ეროვნული ბანკი რეკორდული ოდენობით სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ ეკონომიკურ პროცესებზე ნეგატიურად იმოქმედა.

ამავე პერიოდში ამერიკული დოლარი მსოფლიოს ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ მცირედით გამყარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ლარმა, თავის მხრივ, გაუფასურების მორიგი რეკორდი დაამყარა. გაძლიერდა ინფლაციაზე ლარის კურსის უარყოფითი გავლენა. ამავე ჯგუფის დასკვნით, „თუ ლარის კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7 პროცენტით განისაზღვრება...“

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მე კი მგონია, პროგნოზი თუ უკვე არ იქცა რეალობად, არც ბევრი უკლია. ფაქტია, ბოლო ორი წლის განმავლობაში სექტემბერში წლიური ინფლაციის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა და 6.4 პროცენტი შეადგინა. ეს კი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება... „საქსტატის“ ანალიტიკოსთა განმარტებით, სექტემბრის თვის და წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია. ამ ცვლილების მიღმა, სამწუხაროდ, ფასების ზრდა იგულისხმება. მივყვეთ თანმიმდევრულად, ვნახოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა და რამდენი პროცენტით გაძვირდა.

ფასებმა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მოიმატა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით. მათ შორის არის: თევზეული − 16.1 პროცენტით; რძე, ყველი და კვერცხი − 14.6 პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული − 13.2 პროცენტით; ხორცი და ხორცის პროდუქტები − 12.6 პროცენტით; პური, პურპროდუქტები − 10.8 პროცენტით; ბოსტნეული და ბაღჩეული − 10.1 პროცენტით; მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები − 7.6 პროცენტით. ასევე ზეთი და ცხიმი – 3.0 პროცენტით. სექტემბრიდან სექტემბრამდე ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე 29.0 პროცენტით, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე – 2.6 პროცენტით.

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასებმა მოიმატა 6.9 პროცენტით. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე – 6.6 პროცენტით.

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით. სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა გაძვირდა 6.6 პროცენტით; ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება − 3.7 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურება − 1.1 პროცენტით.

ტრანსპორტი: ფასებმა 3.9 პროცენტით მოიმატა. სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე ფასები გაიზარდა 9.1 პროცენტით; პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე − 4.0 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე − 2.0 პროცენტით.

ავეჯი, სოაჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასებმა მოიმატა 3.4 პროცენტით.

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღვნიშნოთ, გარკვეული სახეობის პროდუქცია გაიაფდა კიდეც. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები 5.5 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსები და ვაჭრობის სფეროს სპეციალისტები სამოსზე ფასების კლების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის მთავარია მძიმე სოციალური ფონი – მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე, ჯანდაცვასა და აუცილებელი მოხმარების საგნების შეძენაზე იხარჯება. არ უნდა დაგვავიწყდეს საბანკო ვალდებულებებიც... 

მარტივად ვიტყვი – ხალხში ფული არ არის. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ექსპერტების შეფასებით, ამ სახეობის პროდუქციაზე ფასების კლება ეკონომიკაში მიმდინარე არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური პროცესის შედეგია. ერთი სიტყვით, ბაზარი ადეკვატურად რეაგირებს. ფასები იზრდება იმ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე, რომელზეც მოთხოვნა არის და პირიქით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს – ჩვენში ეს მოთხოვნა ძალიან ხშირად მხოლოდ კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ არის.

არავინ კამათობს, ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამ პრობლემაზე პირდაპირ და ღიად მიგვანიშნებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც. საბანკო სექტორის მთავარმა მარეგულირებელმა პრობლემა აღიარა, მეტიც, ინფლაციური პროცესების შესაჩერებლად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ, ჯამურად 1 პროცენტით გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და, როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ბანკი „მომავალშიც ეფექტურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“.

„პანიკის საფუძველი არ არის, ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს. ინფლაცია აუცილებლად შემცირდება“, − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნეს-პარტნიორის“ ეთერში. მისი განმარტებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ე.წ. თარგეთირების რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, საშუალებას იძლევა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები მოქნილად გამოიყენოს და შეამციროს ან გაზარდოს იმისდა მიხედვით, რა რისკებიც ქვეყნის წინაშე დგას. „საგარეო შოკები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რამდენად შესაძლებელია გამკლავება. ჩვენ ამის ბერკეტები გვაქვს. შეუძლებელია შოკები ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ როცა ეს დადგება, საშუალება გვაქვს, გავანეიტრალოთ და პრობლემური პერიოდის გავლა გავაადვილოთ. არის კოორდინაცია მთავრობასთან. ეკონომიკისა და ინფლაციის საკითხები საერთო საზრუნავია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი მაკროეკონომკური მიდგომა აუცილებლად შედეგებს გამოიღებს“, − დასძინა ქვეყნის პირველმა ბანკირმა.

რა შედეგით დასრულდება ეროვნული ბანკის მცდელობა, შეძლებს თუ არა კობა გვენეტაძის უწყება ლარის დასტაბილურებას და ინფლაციის შეჩერებას, დრო გვიჩვენებს...

დაველოდოთ, „საქსტატი“ მალე ისევ დათვლის...  

მთავარი თემები