ანტრე, ბატონო!.. ანუ როგორ „მოპარეს“ ქვეყანას ტურისტული სეზონი

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის ტურისტული სეზონი – კონკრეტული ციფრები და ტენდენციები. რას ველოდით და რა მივიღეთ? გამოწვევები და პერსპექტივა.

სამსონ ხონელი

შემოდგომა თანდათან ძალას იკრებს, ენკენისთვეში ზაფხულთან შედარებით ტემპერატურამ დაიკლო, ჯერ კიდევ დარია, მაგრამ რამდენიმე დღე და ე.წ. ხავერდოვანი სეზონიც წარსულს ჩაბარდება. სხვისი არ ვიცი, მე კი ვფიქრობ, რომ უკვე ტურისტული ინდუსტრიის შედეგების შეჯამების დროა. შესაძლოა, ჩამეძიოთ, რა საჭიროა, რატომ და რისთვის უნდა გავისარჯოთ? შეგახსენებთ, რომ ივლისის ცხელ დღეებში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48 პროცენტი თვლის, რომ ტურიზმია ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარე. იმედია, დამეთანხმებით, რომ საინტერესოა, რას ეყრდნობა რესპონდენტთა მოსაზრება, როგორია პარამეტრები, რას ველოდით და რა მივიღეთ ზაფხულის ტურისტული სეზონიდან? მივყვეთ თანმიმდევრულად და სტატისტიკური მონაცემები მოვიშველიოთ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
სტომაქის დიქტატურა!... ანუ როცა „მიცემა-არმიცემით“ არაფერი იცვლება...

გასულ წელს საქართველოს ჯამურად თითქმის 5 მილიონი ტურისტი ესტუმრა. ტურიზმის სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა კი დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და რა გასაკვირია, რომ, ყოველწლიური მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, ტურიზმის სექტორი მიმდინარე წელსაც ტურისტული ნაკადის ზრდას ელოდა... თუმცა, რა ვიცოდით, რომ ამჯერად „სასიამოვნო“ სიურპრიზი გველოდა. პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, მასთან აფილირებულმა არასამთავრობო სექტორის დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით მოინდომა და საკუთარ ქვეყანას ზაფხულის ტურისტული სეზონი უბრალოდ მოპარა. გარჯას „დაფასება“ უნდა და იმედია, ამის დროც მოვა!..  

ვითარება 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „გავრილოვის ღამემ“ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. შედეგმა არ დააყოვნა. ტურიზმის სფერო გამოწვევის წინაშე დადგა. რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრად შემცირების მოლოდინი, უფრო მეტიც, რეალური საფრთხე შეიქმნა. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის იმავე კვლევით, გამოკითხულთა 80 პროცენტი აცხადებდა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აკრძალვა უარყოფითად აისახებოდა საქართველოში ზაფხულის ტურისტულ სეზონზე. მათგან 46 პროცენტი კი იმედოვნებდა, რომ ტურისტული ინდუსტრია ამ გამოწვევას დაძლევდა. 34 პროცენტი პრობლემას აღიარებდა, თუმცა მასთან გამკლავების იმედი არ ჰქონდა, და, ბოლოს, იყო ოპტიმისტურად განწყობილ რესპონდენტთა მცირე ნაწილიც – 9 პროცენტი. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს აკრძალვა ტურისტულ სეზონზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენდა. ვისი ვარაუდი გამართლდა? ამ კითხვას თავად გაეცით პასუხი, როცა წინამდებარე სტატიას სრულად გაეცნობით. მანამდე კი განვაგრძობ თხრობას...

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ხალხის ხმა ციფრებში... ანუ ვის, რა, როგორ და რატომ?

ქვეყნის მთავარ გამზირზე სამი თვის განმავლობაში მიმდინარე „კრეატიული“ საპროტესტო აქციების ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ტურისტების სხვა ქვეყნებიდან ჩამოსვლაც. შევუნდოთ ტურისტებს, თუ დასვენება პოლიტიკურად სტაბილურ და მშვიდ გარემოში სურთ. ყოველ ჩვენგანს აქვს რაღაც სუსტი წერტილი და არც პატივცემული ტურისტები მიეკუთვნებიან გამონაკლისთა ჯგუფს.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება ზაფხულის ტურისტული სეზონი ციფრებში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურისტული ნაკადი 18 პროცენტით გაიზარდა. 20 პროცენტით კი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. ჯამში ტურისტების და ვიზიტორების საერთო რაოდენობამ ივნისში 874 ათასს მიაღწია. ივნისში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მომდევნო ორი პოზიცია თურქეთსა და აზერბაიჯანს უკავია. ამ სამი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ივნისის თვის ტურისტების საერთო ნაკადის 86 პროცენტს შეადგენს.

ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
სირცხვილია! ანუ ვინ და რატომ ძარცვავს პენსიონერებს

ივლისში საქართველოში ტურისტული ნაკადი 1 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 5.8 პროცენტით გაიზარდა. ივლისის თვეში სულ 1.099.474 საერთაშორისო მოგზაური გვესტუმრა. უცვლელია ლიდერთა პირველი სამეული, თუმცა ამჯერად რუსეთმა და აზერბაიჯანმა პოზიციები გაცვალეს. თურქეთი სტაბილურად მეორე ადგილზეა. რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლება ავიამიმოსვლაზე სანქციების დაწესებამ განაპირობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ნაკადი რუსეთიდან 6.4 პროცენტით შემცირდა. რუსეთიდან საჰაერო გზით 8.7 პროცენტით ნაკლები ტურისტი შემოვიდა...

აგვისტოს თვეში ქვეყანას ჯამში 1.358.598 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით მეტია. ვიზიტორების რაოდენობით კვლავ აზებაიჯანი ლიდერობდა, მეორე ადგილზე რუსეთი იყო, მაგრამ გასული წლის აგვისტოსთან შედარებით დაფიქსირდა კლება 8.5 პროცენტით. მესამე-მეოთხე ადგილებზე კი სომხეთი და თურქეთი არიან. სომხეთიდან 4.5-პროცენტიანი, თურქეთიდან კი 6.8-პროცენტიანი ზრდაა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. მიმდინარე წლის ზაფხულში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან მატება დაფიქსირდა.  

მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
პოლიტიკური „შური-მური“ და ეკონომიკის პერსპექტივა...

დროა ტურიზმის სფეროდან ივნისი-აგვისტოს შემოსავლებით დავინტერესდეთ.

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური მიმოხილვის მონაცემებით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლებმა 340 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით მეტია. მაგრამ ზაფხულის მომდევნო ორ თვეში ტურიზმის სექტორის შემოსავლებმა საგრძნობლად იკლო, რაც, სავარაუდოდ, ისევ და ისევ ავიაემბარგოს შედეგია. ივლისში ტურიზმის შემოსავლები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში ტურიზმის სექტორიდან ქვეყნის შემოსავალმა შეადგინა 396.1 მილიონი დოლარი, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 10.6 პროცენტით ნაკლებია.

კიდევ ერთი დასკვნის სახით: ტურიზმი საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყაროა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტი იყო. მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ჯერჯერობით ერთი მილიარდით ნაკლებია, თუმცა ჩვენისთანა ქვეყნისთვის მილიარდით მეტი ან მილიარდით ნაკლები რა სალაპარაკოა?!. მომიტევოს მკითხველმა ეს სარკაზმი...

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ჩაცხრა თუ არა პანიკა სავალუტო ბაზარზე და როგორია სიმშვიდის ფასი?

დასკვნის ნაცვლად: ტურისტული ნაკადი, შეიძლება ითქვას, ჯამში არ შემცირებულა, თუმცა ტურიზმიდან შემოსავლები ივლის-აგვისტოში საგრძნობლად შემცირდა. ყველაზე მეტად მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებმა იზარალეს. მათ უმრავლესობას საბანკო დავალიანება აქვს. მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს...

როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს, რა კონკრეტული გეგმა აქვს და რამდენად გაამართლებს ის, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი კი ერთია – წელს ზაფხულის ტურისტული სეზონისგან მეტის მოლოდინი გვქონდა. იმედია, გაისად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოლიტიკური ბატალიები გველის, წლევანდელივით „გონივრულად“ არ გავირჯებით და გაცილებით მეტი ტურისტი შეისმენს − ანტრე, ბატონო!..

 

ყველა ახალი ამბავი
0