23:17 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი

სირცხვილია! ანუ ვინ და რატომ ძარცვავს პენსიონერებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1027 0 0

ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალეა... საპროცენტო განაკვეთი მათთვის ყველაზე მაღალია, კუთვნილი გროშების მესამედი წლების განმავლობაში საკრედიტო ვალდებულების დასაფარად ბანკში რჩება... რატომ?

სამსონ ხონელი

რამდენიმე დღეა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით გაზარდა. როგორც ითქვა, გადაწყვეტილების მიზანი ინფლაციისა და ფასების ზრდის პრევენციაა...

ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალ რეალობაში ბაზარზე ფულის მასის შემცირება ეროვნული ვალუტის გამყარებასა და ინფლაციის კლებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითი ეფექტი ექნება. რეფინანსირებისა და, ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. ეროვნულ ბანკში ეს კარგად იციან, მაგრამ ამ ეტაპზე პრიორიტეტად ინფლაციის შემცირება დაისახეს...

რამდენად ეფექტური იქნება კობა გვენეტაძის უწყების ეს გადაწყვეტილება და რას მოუტანს ის საფინანსო-ეკონომიკურ პროცესებს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ უკვე ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის შედეგი მყისიერად დადგა. 98 260 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა. ეს ის დებიტორები არიან, რომელთა სესხები ეროვნულ ვალუტაშია გაცემული, ხოლო პროცენტი ცვლადია და სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული.

არახალია, რომ საბანკო ვალდებულებები მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. ლარის გაუფასურების გამო საკრედიტო გადასახადი თვიდან თვემდე იზრდება მათთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად ლარში გაცემული კრედიტების ყოველთვიური მომსახურებაც ძვირდება...

ეს მარტივი ჭეშმარიტება საყოველთაოდ ცხადია, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ჩვენში მრავლად არიან მოვალეები, რომელთა საკრედიტო ვალდებულებაც ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთის გამო სესხის გაცემისთანავე მახრჩობელაა. მათთვის კრედიტი ლარში გაიცემა, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაც პროცენტზე არანაირად არ აისახება; და, ბუნებრივია, ყოველთვიურ საკრედიტო გადასახადზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ან გამყარების პირდაპირი ზეგავლენაც არ არსებობს... შესაძლოა ჩამეძიოთ, ვის „გაუმართლა“, ვისთვის გაისარჯა ასე საბანკო სექტორი? ეს ის შემთხვევა როდია, როცა ძლიერებს უმართლებთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენში კრედიტი მათთვის არის ყველაზე ძვირი, ვისი შემოსავალიც რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია – ეს ჩვენი პენსიონერები არიან!..

საქართველოში დაახლოებით ცხრაასი ათასი პენსიონერია. სპეციალისტები სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათგან 417 ათასი ბანკის მოვალეა. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხში ისინი სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს იხდიან და პენსიის მესამედს თვეების და ხშირად წლების განმავლობაში ბანკში ტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ გასულ წელს საფინანსო ბაზარზე ახალი წესები შემოიღო, მათ შორის, გაამკაცრა საკრედიტო რეგულაციები და ლიმიტები მსესხებლის შემოსავლების მიხედვით განსაზღვრა. მაგალითად, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარამდეა, მაშინ საკრედიტო ტვირთი მხოლოდ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარი შეიძლება იყოს. თანაც შემოსავალს გამოკლებული სესხის ყოველთვიური გადასახადი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს. თვალსაჩინოა, რომ საპენსიო სესხის პარამეტრები საბანკო რეგულაციებს ეწინააღმდეგება.

დღეს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 31 პროცენტია, ანუ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე სხვა მოქალაქეებისთვის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კომერციულ ბანკებში საშუალოდ 15 პროცენტიდან იწყება. ერთი სიტყვით, დღეს ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი, მოწყვლადი ჯგუფი იღებს. ექსპერტების განმარტებით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათგან ერთ-ერთია სიკვდილიანობის მაღალი რისკი. წლევანდელი მონაცემებით, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისგან 90 მილიონი ლარი დაიბრუნა, ხოლო 27 მილიონი კი ჩამოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მსესხებელთა 7 პროცენტი სესხის დაფარვამდე გარდაიცვალა. არის კიდევ სხვა მიზეზებიც. როგორც „ლიბერთი ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, საპენსიო მომსახურებისთვის კომერციული ბანკი სახელმწიფოსგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით პენსიების დარიგება ბანკის ხარჯია. ამ ხარჯის კომპენსირების მიზნით ბანკმა მარტივ გზას მიმართა – ეს ხარჯი საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთების სახით პენსიონერებს გამოართვა. ამიტომ გასულ წლებში საპენსიო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ას პროცენტამდეც ადიოდა. შემდეგ საპროცენტო განაკვეთმა ნელ-ნელა დაიწყო დაწევა. დღეის მონაცემებით, ის 31 პროცენტია. წლის ბოლოსთვის კი ბანკი საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის 28 პროცენტამდე დაწევას გეგმავს“, − განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პატივცემული ბანკირის სიტყვებს თუ გავაანალიზებთ, მძიმე, სასტიკ რეალობას დავინახავთ. დღეს სახელმწიფოსგან პენსიად წოდებული კუთვნილი სოციალური შემწეობის, გროშების მისაღებად პენსიონერები თავად იხარჯებიან... აი, რა არის სირცხვილი!

დარგის ექსპერტების თქმით, რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

ფინანსისტი გიორგი კაპანაძე: „პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს, თუნდაც იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან...“

სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ცალსახად დადებითი ფაქტია ის, რომ გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ყველა ბანკისთვის თანაბარი სასესხო პირობები დააწესა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული კატეგორიის სესხებზე კომერციული ბანკისთვის თამაშის წესების დადგენა – ეს უკვე კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევაა. ერთი სიტყვით, ძვირი საბანკო კრედიტი კონკურენციამ უნდა გააიაფოს...

მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან „ლიბერთი ბანკთან“ საპენსიო მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება. როდის და რა პირობებით გამოაცხადებს სახელმწიფო ახალ ტენდერს, ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა, „ლიბერთი ბანკის“ გარდა კიდევ რომელი კომერციული ბანკი მიიღებს ტენდერში მონაწილეობას და გაჩნდებიან თუ არა მომავალი წლიდან საპენსიო მომსახურების სისტემაში სხვა ბანკები? სპეციალისტების შეფასებით, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ გარდა, ამ ტიპის მომსახურებას სხვა ბანკები ვერ შეძლებენ და ამ ორ ბანკსაც სერიოზული მომზადება მოუწევთ. „საქართველოს ბანკის“ პოზიცია ტენდერში შესაძლო მონაწილეობის საკითხზე უცნობია. „თიბისი ბანკი“ კი გადაწყვეტილებას სატენდერო პირობების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებს. თავად „ლიბერთი ბანკში“ ვარაუდობენ, რომ საპენსიო მომსახურების გაწევის მსურველი მომავალშიც მათ გარდა სხვა არავინ იქნება. რა არის ამგვარი ვარაუდის საფუძველი და გამართლდება თუ არა ის, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი იქნება ისე, როგორც არის, ხოლო ის, რაც არის, უბრალოდ სირცხვილია!

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები