ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის რამდენიმე მიმართულება

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი ჯიხური
ვალუტის გადამცვლელი ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო გაუარესებული მდგომარეობა

თემურ იოსელიანი

ლარის გაუფასურება რომ რიგითი ადამიანებისთვის მიმდინარე ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ამას დიდი კვლევები ალბათ არ სჭირდება. ლარი საკუთარ ანტირეკორდებს ხსნის და ყოველი მორიგი მასშტაბური ვარდნის შემდეგ პროდუქციის მორიგი გაძვირებაც იწყება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობის გარდა ყველაფერს ხედავენ – წლების მანძილზე ლარის გაუფასურებას ხან გარე ფაქტორებს აბრალებენ, ხან რუსეთ-უკრაინის ომს, ხან ოპოზიციას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეროვნული ვალუტის ყოველი მორიგი გაუფასურების დროს აცხადებენ, საპანიკო არაფერია და ლარი მალე ისევ გამყარდებაო. მაგრამ ბოლო 7 წელიწადში ქართული ლარი 55%-ზე მეტად არის გაუფასურებული. 2019 წლის 1 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.97 ლარს გადააჭარბა.

ლარის და დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რამდენ ლარად იყიდით 1 დოლარს 2020 წელს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

რადგან დღევანდელი ხელისუფლება ლამის ყველა საკითხზე წინამორბედებთან ავლებს პარალელს და მუდამ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ქვეყნის საქმე უარესად იყო, ჩვენც ლარის თემას შევეხოთ და რამდენიმე მაშინდელი და ახლანდელი ეკონომიკური პარამეტრი შევადაროთ ერთმანეთს. ასე მარტივი დასათვლელი იქნება, რა ეკონომიკური მიღწევები აქვს ქვეყანას ბოლო შვიდი წლის მანძილზე.

მაგალითად, 1000-ლარიანი შემოსავლის პირობებში თუ 2012 წელს ადამიანს 606 დოლარის ყიდვა შეეძლო, იგივე 1000 ლარად დღეს მხოლოდ 340 დოლარს ყიდულობს. შედეგად, 1000-ლარიანი შემოსავალი 7 წლის შემდეგ 266 დოლარით არის გაუფასურებული.

მართალია, ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, დოლარის კურსი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარია ინფლაცია არ გაიზარდოსო, მაგრამ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად ამჩნევს - იმპორტირებული პროდუქცია დოლარის გაძვირების შესაბამისად ძვირდება. შედეგად, ადამიანების მსყიდველუნარიანობაც ლარის გაუფასურების მსგავსად იკლებს. სწორედ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ ბიზნესს მნიშვნელოვნად გაუჭირდა.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ჩაცხრა თუ არა პანიკა სავალუტო ბაზარზე და როგორია სიმშვიდის ფასი?

სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის მოცულობას რომ შევეხოთ, რომელიც დღეს 200 ლარს შეადგენს, 2012 წელს პენსია 125 ლარი იყო. 2012 წელს 125 ლარი 75 დოლარს შეესაბამებოდა, დღეს კი 200 ლარი 68 დოლარის ეკვივალენტია. ასე რომ, პენსიის მსყიდველობითუნარიანობა 7 წლის მანძილზე 7 დოლარით არის შემცირებული.

შეგვიძლია გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული დაპირება: 2012 წელს ივანიშვილი წინასაარჩევნო გამოსვლებში ხალხს ჰპირდებოდა იაფ კრედიტებს, ასევე „უფასო ფულს“. დღევანდელი რეალობით კი, იმ ადამიანს, ვინც 2012 წლის ოქტომბრამდე სესხის დასაფარად 1000 დოლარში 1660 ლარს იხდიდა, დღეს იმავე 1000 დოლარის ყიდვა დაახლოებით 2940 ლარი, ანუ 1280 ლარით მეტი უჯდება.

ახლა რიგითი ადამიანებისთვის ერთი შეხედვით ნაკლებადმნიშვნელოვან რიცხვებსაც შევეხოთ, რაც, მაგალითად, ნაკლებად აინტერესებს პენსიონერს თუ მცირე მოვაჭრეს. თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება აქაც კარგად ჩანს. ლაპარაკია ისეთ სტატისტიკურ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას, მშპ-ს, სამომხმარებლო კალათას და ა.შ.

ვალუტის გადამცვლელი ჯიხური - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ლარის სტაბილურობას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება

მაგალითად, თუ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 8,1 მილიარდი ლარი იყო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 12.8 მილიარდი ლარია. მართალია, ლარებში ბიუჯეტი გაზრდილია, მაგრამ თუ ისევ ლარის კურსის ცვლილებას გავიხსენებთ და მაჩვენებლებს დოლარებში შევადარებთ, 2012 წელს ბიუჯეტი $4.87 მლრდ-ის ეკვივალენტი გამოვა, წელს კი $4.35 მლრდ-ია. ანუ, ბიუჯეტი რეალურად 520 მილიონი დოლარით ნაკლებია 7 წლის წინანდელთან შედარებით.

მშპ - მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი ითვლის, 2012 წელს საქართველოში იყო $15,847 მლრდ, 2018 წელს კი $16,2 მლრდ-ია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მშპ $15.1 მლრდ იყო. ასე რომ, 2012 წლის შემდეგ მშპ 2015, 2016 და 2017-ში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2012 წელს.

რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, არც აქ არის სახარბიელო ზრდის მაჩვენებელი. თუ 2012 წელს ქვეყნის დოვლათის მოსახლეობაზე გადანაწილებით, ერთ სულ მოსახლეზე $4 131 დოლარი მოდიოდა, 2015-ში $3 762-მდე შემცირდა (ლარის პირველი მასშტაბური გაუფასურება), 2017-ში $4 099-ს მიაღწია, 2018 წლის მონაცემებით კი $4 345-ია. ანუ, 2012 წელთან შედარებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაზრდილია $214-ით, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გასათვალისწინებელია, რომ მშპ-ის გამოთვლისას „საქსტატი“ 2012 წელს ქვეყნის მოსახლეობის რიცხვს 4.5 მლნ-ს ანგარიშობდა და ამ მაჩვენებელსაც ასე ითვლიდა, 2018 წელს კი, ბოლო აღწერის საფუძველზე, 3.7 მლნ მოსახლეზე დაითვალა. შესაბამისად, მოსახლეობის რიცხვის კლებამ გამოიწვია მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე მატება, რაც ქვეყნის გამდიდრებასთან კი არა, მოსახლეობის შემცირებასთან არის კავშირში. არსებული მშპ $16,2 რომ მოსახლეობის ადრინდელ მაჩვენებელზე, 4.5 მილიონ ადამიანზე დავთვალოთ, მაშინ მივიღებთ ბევრად შემცირებულ რიცხვს - მშპ ერთ სულ მოსახლეზე $3 572 გამოვა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე $559-ით ნაკლები იქნება.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
ლარის პერსპექტივა... ვინ უწამლებს ეროვნულ ვალუტას?

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელია საარსებო მინიმუმი, რომელიც იმ თანხას შეადგენს, რაც შრომისუნარიან მამაკაცს სრულფასოვნად არსებობისთვის 1 თვის მანძილზე ესაჭიროება. 2012 წელს საარსებო მინიმუმი საშუალოდ 155 ლარი იყო, მაშინდელი კურსით თუ დავთვლით, 93 დოლარამდე. წლევანდელი ივლისის მდგომარეობით კი საარსებო მინიმუმი 187 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს, ანუ, დღევანდელი კურსით, 63 დოლარს. გამოდის, რომ 7 წლის შემდეგ, „საქსტატის“ აზრით, საარსებო მინიმუმი 30 დოლარით ნაკლებია საჭირო. ზოგადად, „საქსტატის“ ეს მაჩვენებელი ერთობ უცნაურად გამოიყურება, რადგან ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 90  თეთრით შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ივნისში საარსებო მინიმუმი 188 ლარს და 10 თეთრს შეადგენდა.

პურის მაღაზია - Sputnik საქართველო
ლარის გაუფასურება: გაძვირდება თუ არა პური

ისევ ხელისუფლების განცხადებებს რომ დავუბრუნდეთ, როცა, მაგალითად, მიმდინარე ზაფხულში ლარის გაუფასურება ტურისტების კლებას დაუკავშირეს. საინტერესოა, რომ როცა 2013 წელს საქართველოში მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორებიდან ტურისტული ვიზიტით 2 884 295 სტუმარი ჩამოვიდა, ლარის კურსმა დოლარის მიმართ 1.73 შეადგინა. 2018 წელს კი ტურისტული ვიზიტით ჩამომსვლელთა რაოდენობა 4 756 820 იყო. ამის მიუხედავად შარშან ლარის საშუალო წლიურმა კურსმა 2.70 შეადგინა. კარგად ჩანს, რომ მხოლოდ ტურისტების რაოდენობაზე არ არის ლარის კურსი დამოკიდებული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების მიუხედავად ივლისის თვეში ტურისტების საერთო რიცხვი მაინც გაზრდილია 1%-ით. შესაბამისად, ხელისუფლების განცხადებები, რომ ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო, მთლად სიმართლე არ არის. აი, ლარის გაუფასურებამ კი ადამიანების შემოსავალიც რომ შეამცირა და ხარჯიც გაზარდა, ეს კარგად ჩანს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0