სამსონ ხონელი
ეროვნული ვალუტის ისტორია მეოთხედ საუკუნეს ითვლის... ვინც ლარის თავგადასავალს მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს, დამეთანხმება, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ლარი ავად არის. ოპტიმისტები იმედოვნებდნენ, რომ პაციენტი თანდათან ძალას მოიკრებდა და ფეხზე დადგებოდა. პესიმისტები კი ავადობის გართულებას ვარაუდობდნენ. იყვნენ რეალისტებიც. მათ დროის მოკლე მონაკვეთში სასწაულის ნაკლებად სჯეროდათ, მაგრამ არც ფატალური შედეგის მოლოდინი ჰქონდათ. ახლა თავად განსაჯეთ, ვინ უფრო ზუსტად განჭვრიტა ეროვნული ვალუტის პერსპექტივა? ფაქტია, რომ კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება სამი ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა და ავადობის ისტორიაშიც ახალი ფურცელი გადაიშალა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეროვნულ ვალუტას შავი დღეები უდგას... „შევიფარებ და მოვუვლი გაუბედურებულ ლარს ნებისმიერი რაოდენობით და კურსით...“ – ეს გულამოსკვნილი სიტყვები სოციალურ ქსელში ამოვიკითხე. მათი ავტორი ეკონომისტი, ბატონი სიკო გეგიაძეა, ის ერთხანს ტურიზმის სფეროში მოღვაწეობდა...
რატომ მიეჯაჭვა ლარი სარეცელს? რაკი ტურიზმი ვახსენეთ, გეტყვით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი უღონობის მთავარ მიზეზად ტურისტული ნაკადის შემცირებას ასახელებს, რაც, მისივე აზრით, საგარეო შოკების შედეგია.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ლარის გაუფასურების საგარეო შოკებითა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნას „არაადეკვატურ შეფასებას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ კობა გვენეტაძე არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ბოლო დროს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება...
ანალიტიკოსი აკაკი ცომაია: „როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ფაქტს მალავს და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას ლარის გაუფასურების მიზეზად არ მიიჩნევს, ეს, სულ მცირე, სწორი შეფასება არ არის. ის ასევე არ ასახელებს იმ ფაქტს, რომ 200 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში შეუძლებელია და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეს ფაქტორიც იწვევს. კობა გვენეტაძე შეფასებებში არაადეკვატურია... საგარეო შოკები ადრეც არსებობდა, მაგრამ ლარი ადრე ასე არ მოძრაობდა...“
მკითხველს მოვახსენებ, რომ ლარის კურსის განმსაზღვრელი ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე სუსტი პოზიციაა. ნათქვამს „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 34.9 პროცენტით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლებამ 6.3 პროცენტი შეადგინა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ქვეყანაში ფულის შემოდინების დაბალი ტემპის ბრალია კურსიც, სოციალური გაჭირვებაც, ხალხის გაბოროტებაც და სასოწარკვეთაც...
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს გიორგი ქობულია, რომელიც ერთხანს თავად იყო პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. გიორგი ქობულია საგარეო შოკებს აკონკრეტებს და ტურისტების რაოდენობის შემცირების მთავარ მიზეზად რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციის გამწვავებას ასახელებს.
გიორგი ქობულია: „რუსეთიდან შარშან შემოვიდა საშუალოზე უფრო მაღალი გადამხდელუნარიანი მილიონ-ნახევარი ტურისტი. ჩვენ გვაქვს დიდი რისკი, დავკარგოთ ეს ტურისტები. ამის კომპენსირება ამ მთავრობას კი არა, ვერც ერთ მთავრობას ვერ ძალუძს. სიტუაციის გამძაფრებას მოჰყვა ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო შემცირება...“
რას ამბობს ხელისუფლება? მმართველი პარტიის პოზიციაც არახალია. „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების შეფასებებით ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია. მათი განმარტებით, ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციები. ამგვარი პოზიცია ანალიტიკოსთა ერთი ნაწილისთვის ღიმილის მომგვრელია...
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლარის გაუფასურების საპროტესტო აქციებთან დაკავშირება იმდენად აბსურდული არგუმენტია, რომ კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სულ მიდის და პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიტინგები ტარდება. ადრე რუსთაველზე საპროტესტო აქციები არ იყო?! ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია! ლარის გაუფასურების საკითხზე მთავრობის განცხადებების შეფასება ძალზე უხერხულია, რადგან არაადეკვატურები არიან...“
ექსპერტულ წრეებში ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შევსებასაც ასახელებენ. მკითხველს შევახსენებ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 200 მილიონი დოლარი შეიძინა.
რა ელის ეროვნულ ვალუტას უახლოეს მომავალში?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ის არ აკონკრეტებს, როდის დასრულდება დაცემა. კობა გვენეტაძე გვაიმედებს, რომ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება. განცდა მაქვს, რომ ცოტაც და მთავარი ბანკირი გვეტყვის − გაუფასურება და გამყარება ძმები არიან...
საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარებას ვარაუდობს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. ის „თიბისი ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეყრდნობა...
ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე კვლევა დავდეთ. ბოლო კვლევა კი მას შემდეგ ჩავატარეთ, რაც რუსეთიდან ფრენები აიკრძალა. გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმში 2019 წელს გასულ წელთან შედარებით მცირედით, მაგრამ ზრდა მაინც იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ანალიზით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი უნდა გამყარდეს..."
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ნეგატიური მოლოდინების თანდათან მინელების ფონზე კურსი უნდა დასტაბილურდეს 2.8 ნიშნულთან ახლოს. მანამდე კი ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ეს პროცესი ფასებზეც ახდენს გავლენას. ცხოვრება ძვირდება!
P.S. წერტილის დასმას ვაპირებდი, როცა ეროვნული ბანკის განცხადება გავრცელდა. კობა გვენეტაძის უწყების შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. ამ მიზნით ეროვნული ბანკი 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.