01:40 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (750)
97 0 0

სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ახლა უკვე სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

სააგენტომ ეს გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო.

კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა.

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გაითვალისწინა კონსორციუმის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, ასევე ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა და საჭიროება და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის ვადის გახანგრძლივებით კიდევ ერთხელ გადადგა პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის საჭირო ნაბიჯი“, – აღნიშნულია ეკონომიკის ა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

პორტში სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

კონსორციუმის გენერალური კონტრაქტორის სახით, Eiffage პარტნიორ კომპანიებთან ერთად, კერძოდ, ABB (შვეიცარია) და CRP (საქართველო), პირველი ფაზის სამუშაოებს შეასრულებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიების ხუთეულში შედის.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

ცნობილი გახდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს >>

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (750)

მთავარი თემები