ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტის მმართველობას ტოვებენ

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსორციუმის ხელმძღვანელები თანამდებობებს დატოვებენ, რათა სპეკულაციებს აარიდონ თავი.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მმართველ საბჭოში თანამდებობის დატოვებას აპირებენ.

ანაკლიის პორტში სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" (მამუკა ხაზარაძე) და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პრემიერი მამუკა ხაზარაძის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა>>

ამჟამად კონსორციუმი დასავლელ ბანკირებთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან პორტის პირველი ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით ფინანსური გარიგების დახურვის თაობაზე.

„მე და ბადრი ჯაფარიძემ გადავწყვიტეთ, მომავალ კვირას გვქონდეს პრესკონფერენცია. ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევთ უკანა პლანზე, მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი – მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. აღნიშნულ ნაბიჯს გადავდგამთ, რათა ეს პროექტი არ გაჩერდეს. შეუძლებელია ბანკებს ესაუბრებოდე 650 მილიონის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ ასეთ ბრალდებებს გადებდეს", – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ოთხშაბათს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში წაუყენა. საუბარია TBC Bank-ის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე 2008 წელს. თბილისის საქალაქო სასამართლო პარასკევს მათთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხს განიხილავს.

პრემიერი: ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ყველაფერს გააკეთებს>>

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება?

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0