06:18 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ეროვნული ბანკის შენობა

რატომ არ უყვართ მთავარი ბანკირი?

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1050 0 0

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს... რატომ? ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი რამდენად მოქმედებს მოქალაქეთა გრძნობებზე?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, სულ რაღაც არასრული ერთი კვირა, რაც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გაზაფხულ-ზაფხულის გასაყარზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 20 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საარჩევნო უფლების მქონე 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. განზრახული მქონდა, სხვადასხვა საკითხზე მოქალაქეთა პოზიციას თუ დამოკიდებულებას, ისე, როგორც მანამდე ყველა სხვა შემთხვევაში, ახლაც კრებსითად, მხოლოდ ერთი სტატიით გამოვხმაურებოდი. მსურდა ანალიტიკოსების მოსაზრებებთან ერთად ჩემეული ხედვაც წარმომედგინა, თუ მაინც რისი თქმა სურთ კვლევის დამკვეთებსა და შემსრულებლებს, რა იკითხება ციფრებში და სტრიქონებს მიღმა... ამ მისიით მოვიმარჯვე კალამი, თუმცა „პირველ ჩვენებას“ ვუღალატე და გადავწყვიტე, რომ უმჯობესია კვლევის ცალკეული შედეგები თემატურ სტატიებში მიმოვიხილო...

მივყვეთ თანმიმდევრულად. ამჯერად თქვენს ყურადღებას მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის დაბალ რეიტინგზე გავამახვილებ. მაღალი რატომ უნდა იყოს?! − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რეპლიკას კომენტარის გარეშე არ დავტოვებ და მოგვიანებით ვუპასუხებ.      

მანამდე კი, თუ კვლევის ავტორებს დაეჯერებათ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, 62 პროცენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. საინტერესოა, რატომ, რამ განაპირობა კობა გვენეტაძის უწყებისადმი საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება?

ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს მოქალაქეთა ასეთი განწყობა არ უკვირს. ბოლო წლებია ეროვნული ვალუტა უფასურდება, რაც მძიმედ აისახება ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათი შეფასებით, ხალხის განაწყენებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი არ ერევა კურსის ფორმირების პროცესში, როცა ლარი ეცემა, ხოლო საკმარისია ეროვნული ვალუტა, თუნდაც ნელი ტემპით, რამდენიმე პუნქტით გამყარდეს, ეროვნული ბანკი უმალ რეაგირებს და ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მოტივით საფინანსო ბაზარზე მილიონობით დოლარს იძენს. ეს კი ლარის გამყარების პროცესს ანელებს ან საერთოდ ამუხრუჭებს. მათივე განმარტებით, საზოგადოება ხედავს და საკუთარ თავზე გრძნობს, როგორ მანიპულირებს ლარის გაცვლითი კურსით ეროვნული ბანკი ე.წ. დომინანტური ბანკების დაკვეთით.

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის რეიტინგის ვარდნა არახალია და ეს ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო...

ანალიტიკოსი თემურ ბასილია: „სამწუხაროდ, ბოლო 10-12 წლის წინ დაიწყო ეროვნული ბანკის დეგრადაცია. შეგახსენებთ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდა, რომ საერთოდ გაეუქმებინა ეროვნული ბანკი. ამის შემდეგ დაიწყო მთლიანად საბანკო სექტორის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, როდესაც ეს სისტემა ეკონომიკის განვითრების მასტიმულირებელი კი არა, მისი შემაფერხებელი გახდა. გავიხსენოთ არაპროფილური აქტივების ფლობის უფლების მიცემა, რამაც პრაქტიკულად მოკლა კონკურენცია; ასევე რეფინანსირების სესხები და სხვ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლაც გრძელდება ინერციით... არადა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ 15-20 წლის წინ ეროვნული ბანკი იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი ხელისუფლებაში. იგი ატარებდა გონივრულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც იმ რთულ პერიოდშიც კი უზრუნველყოფდა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. მნიშვნელოვანი იყო, რომ მუდმივი კონტაქტი ჰქონდა საზოგადოებასთან, ის არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა...“

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ხალხში ეროვნული ბანკის მიმართ კითხვები დაგროვდა, მაგრამ კობა გვენეტაძის უწყება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის და საზოგადოებასთან კომუნიკაციას თავს არიდებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არის განსხვავებული მოსაზრებაც. კერძოდ, ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. მათი შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა ეროვნული ბანკის ღონისძიებების შედეგი არ არის.  

ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი: „ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ფასების სტაბილურობასა და  ეკონომიკის ინფლაციური პროცესებისგან დაცვაზე ზრუნვა. თუ ეროვნულ ბანკს ვეტყვით, რომ სავალუტო რეზერვები გამოიტანოს და დახარჯოს, ეს დროებით, მცირე პერიოდით გამოიწვევს ლარის გამყარებას, თუმცა საბოლოოდ ლარი კვლავ გაუფასურდება, რადგან ის ფაქტორები, რითიც უფასურდება ეროვნული ვალუტა, გამოსწორებული არ იქნება. დღეს რომ ეს შედეგი არ გვქონოდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა განეხორციელებინა რეფორმები. ბევრი წლის განმავლობაში ძირითადი ტენდენცია იყო გადასახადების შემცირება. ბოლოს მივიღეთ აქციზის გადასახადის ზრდა, ანუ საგადასახადო კუთხით ქვეყანაში მიმზიდველობის დაქვეითება. ასევე კითხვებია სასამართლო ხელისუფლებასთან – რამდენად დაცულია საკუთრების უფლება? უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, ცალკე საკითხია ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა. ერთი სიტყვით, უამრავი პრობლემაა ფისკალური მიმართულებით. თუმცა, მთავარია, არ ჩანს გუნდი, რომელიც იზრუნებს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს...“

ლარი
© Sputnik / Alexander Imedashvili

საფინანსო სფეროს სპეციალისტების განმარტებით, არასტაბილირობა არასწორ მოლოდინებს ქმნის. ლოგიკურია, რომ ბაზრის მოთხოვნას დიდხანს ვერ შეაკავებ, რადგან ბიზნესს თავიანთ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური ვალდებულებები აქვთ. დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ლარის გაცვლით კურსზეა ასახული. რამე განსაკუთრებული ბოლო პერიოდში არ მომხდარა. ბიზნესი დააკვირდა – გამყარდებოდა თუ არა ეროვნული ვალუტის კურსი მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. რეალურად, გამყარება მართლაც დაფიქსირდა და პოზიტიურმა ტენდენციამ ორი დღე გასტანა, შემდეგ კვლავ დაღმასვლა დაიწყო და დღეს ლარი ისევ რჩება გაუფასურების ისტორიულ ნიშნულზე. დღეს სულ უფრო და უფრო ცოტაა მათი რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან გაუფასურამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება. მეტიც, არის მოლოდინი, რომ ლარის კურსი შესაძლოა კიდევ უფრო დაეცეს... ამ რეალობაში რთული არ არის უპასუხო კითხვას – რატომ არ უყვართ მთავარი ბანკირი?..

მთავარი თემები